რუსთავი 2-ის საქმე

გვარამია: სამი დღის განმავლობაში სასამართლოზე უპრეცედენტო ზეწოლა იქნება

ნიკა გვარამია
რუსთავი 2

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სამი დღის განმავლობაში სასამართლოზე ზეწოლას აანონსებს. გვარამია ასახელებს იმ პირებს, რომლებიც სასამართლოზე ზეწოლას ახდენენ, მათ შორისაა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

"ჩვენთვის ცნობილია ის გარემოება, რომ სასამართლოსთან რამდენიმე ადამიანი აწარმოებს "მოლაპარაკებას" და სინამდვილეში სასამართლოზე ზეწოლას. მათ შორის არის იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, კანცელარიის წარმომადგენელი პარლამენტში შალვა თადუმაძე, ყოფილი პროკურორი ფარცხალაძე და სასამართლოში ზონდერად ჩასმული ჩინჩალაძე. ასეთად იგი ახლა არ მოვლენია სასამართლოს, უბრალოდ გადაიბარა ქართულმა ოცნებამ მისი წინამორბედი ხელისუფლებისაგან. სამი დღის განმავლობაში, დღეს, ხვალ და ზეგ სასამართლოზე უპრეცედენტო ზეწოლა იქნება, ამის განმახორციელებლად არის ახალი ადამიანი არჩეული, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის ახალი დავალების შემსრულებელი ზონდერი ივანე ზარდიაშვილი, რომელიც ეკა ბესელიას მოადგილეა", - ამბობს გვარამია.

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი მოითხოვს ტელეკომპანიის საქმეზე ზეპირი მოსმენის ჩანიშვნას, სხდომის აუდიო-ვიდეო გადაღებას და მის ტრანსლირებას.

ნიკა გვარამიას თქმით, კომპანიისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს, ვინ არის დიდი პალატის შემადგენლობაში.

"ჩვენ არ ვენდობით დიდი პალატის ყველა მოსამართლეს, გვაქვს აცილება, როგორც მინიმუმ 4 აცილება: ნინო გვენეტაძე, მიხეილ ჩინჩალაძე, მზია თოდუა, პაატა სილაგაძე", - ამბობს გვარამია. 

22 ნოემბერს უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ რუსთავი 2-ის საქმე განსახილველად დიდ პალატას გადასცა.

 

კომენტარები