მესტვირიშვილი: დოლარის სესხების გალარებისას, საპროცენტო განაკვეთი 10-10.5% იქნება

ტაბულა

ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილის თქმით, ლარში გადაყვანილი დოლარის სესხების საპროცენტო განაკვეთი დაახლოებით 10-10.5% იქნება. ამის შესახებ მესტვირიშვილმა TV პირველის ეთერში, გადაცემა ბიზნესკონტრაქტში თქვა. 

"საპროცენტო განაკვეთი იქნება საბაზროსთან მიახლოებული და ეს დამოკიდებული იქნება კლიენტის გადახდისუნარიანობასთან. არის სხვადასხვა კოეფიციენტები, რითაც ბანკი აფასებს კლიენტის რისკიანობას, მაგრამ საშუალოდ, ჩვენი მოლოდინია, რომ საპროცენტო განაკვეთები იქნება იმასთან ახლოს, რაც დღეს არის და ეს დაახლოებით არის 10%-10.5% ლარის სესხების შემთხვევაში, ეს არის მცურავი განაკვეთი იპოთეკური სესხებისთვის. თუ კლიენტს უნდა ფიქსირებული განაკვეთი, ეს დამოკიდებული იქნება ვადიანობაზე და ვადიანობის მიხედვით არის განსხვავებული საპროცენტო განაკვეთები. ჩვენ ხელს შევუწყობთ კომერციულ ბანკებს იმისთვის, რომ მათ ჰქონდეთ ადეკვატური რესურსი როგორც ლარის, ისე დოლარის, რომ საპროცენტო განაკვეთი იყოს საბაზროსთან მიახლოებული", - აცხადებს მესტვირიშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ერთჯერადი სოციალური აქციის სახით, ფიზიკურ პირებზე 2015 წლამდე უძრავი ქონების უზრუნველყოფით გაცემული სესხების ლარში კონვერტაცია მოხდება. კვირიკაშვილის თქმით, ლარში კონვერტაცია არსებულ კურსს მინუს 20 პუნქტის ოდენობით მოხდება. ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, სახელმწიფო კონვერტაციის ღირებულების ნაწილს დაფარავს, რისთვისაც 2017 წლის ბიუჯეტში სუბსიდიის სახით 65 მილიონი ჩაიდება. დოლარის სესხების გალარება ნებაყოფლობითია.

კომენტარები