ბიუჯეტი 2017

სერგეენკო: ახალი სამსახური გადაწყვეტს, ვის შეუმცირდეს ხელფასები და ვის არა

ტაბულა

თანამშრომელთა მუშაობის მონიტორინგის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროში სპეციალური სამსახური იქმნება. ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თქმით, სწორედ ამ სამსახურის შეფასების შედეგად გაეზრდება ან შეუმცირდება ანაზღაურება თანამშრომელთა ნაწილს. 

"ჩვენი პირველადი ამოცანა არ არის, რომ დავიწყოთ კადრების შემცირება. ჯანდაცვის სამინისტროს ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა ექნება გასატარებელი. ჩვენ ვქმნით, ვააქტიურებთ ახალ სამსახურს, რომლის ამოცანა იქნება თანამშრომელთა მუშაობის მონიტორინგი, რაოდენობრივი შეფასება და მე ვფიქრობ, რომ მინუს 10%-იანი ჯამური სახელფასო ანაზღაურების შემცირება არათანაბრად გადანაწილდება. ვინც უფრო მაღალ შედეგს დადებს, მასზე არამც თუ არ იმოქმედებს [შემცირება], არამედ უფრო მაღალ ანაზღაურებას მიიღებს და პირიქით. ანუ ამოცანა არის მუშაობის ეფექტურობის მიხედვით ხელფასის სამართლიანი გადანაწილება და არა რაღაც რუტინული მინუს 10% ან მიზანმიმართული შემცირებები", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ. 

პრემიერმა დააანონსა, რომ სავალუტო კრიზისის გამო, 2017 წლისთვის საბიუჯეტო ორგანიზაციების დიდ ნაწილში სახელფასო ფონდები და ადმინისტრაციული ხარჯები 10-10%-ით შემცირდება. 2017 წლის ბიუჯეტის განახლებული პროექტის მიხედვით, მთავრობაში დასაქმებული 116 ათასი ადამიანი ხელფასის სახით 1.39 მილიარდ ლარს მიიღებს, ეს 2016 წელთან შედარებით 3.4%-ით ნაკლებია. კონკრეტულად, ჯანდაცვის სამინისტრო კი, ხელფასების 8.6%-იან შემცირებას აპირებს.

კომენტარები