ონლაინ სესხები

CCloan-ი, Mozo და სხვა ონლაინსესხების კომპანიები მიკროსაფინანსოებად გადაკეთდნენ

ტაბულა

ონლაინსესხების გამცემი კომპანიების ნაწილმა იურიდიული სტატუსი შეიცვალა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიკროსაკრედიტო ორგანიზაციებად გადაკეთდნენ CCloan.ge, Mozo.ge, Minicredit.ge, Espresso.ge და სხვა კომპანიები.

ონლაინსესხების გამცემი კომპანიები მიკროსაკრედიტოებად დეკემბერში მას შემდეგ გარდაიქმნენ, რაც პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე მათი აკრძალვის შესახებ განაცხადა. თუმცა, როგორც გაირკვა, ეს ბიზნესი არ იკრძალება და მას მხოლოდ საპროცენტო განაკვეთზე ლიმიტი უწესდება.

დეკემბრის ბოლოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონის მიხედვით, ქვეყანაში 100%-ზე მაღალი წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის დაწესება იკრძალება. ცვლილება პირველ რიგში ონლაინსესხებისკენ არის მიმართული, რადგანაც მათი საშუალო განაკვეთები ძირითადად 400-700%-ის ფარგლებში მერყეობს. 

ონლაინსესხები ეგრეთ წოდებული ხელფასის დღის სესხებია (Payday loan), ამ ტიპის სესხები, როგორც წესი, ხანმოკლე და მცირე ზომისაა. ონლაინსესხები რისკიანია, რადგანაც მაღალია ალბათობა, რომ მოქალაქეებმა აღებული კრედიტები არ დააბრუნონ, თუმცა ეს რისკები სესხის განაკვეთში გათვალისწინებულია, ამიტომაც ონლაინსესხების საპროცენტო განაკვეთები მაღალია. რადგან მოსახლეობა თანახმაა ასეთ საპროცენტო განაკვეთებზე, ეს იმას ნიშნავს, რომ მათთვის ამ ტიპის სესხების აღება დამატებით კეთილდღეობას ქმნის. 

რას ცვლის განაკვეთის ლიმიტი?

ონლაინსესხების გამცემ კომპანიებში პირველი სესხი, როგორც წესი, უპროცენტოა, განმეორებითი სესხის შემთხვევაში კი მომხმარებლებს მაგალითად ერთი თვით 1000 ლარის სესხების შემთხვევაში 1190 ლარის გადახდა უწევთ, ეს წლიურ ეფექტურ საპროცენტო განაკვეთში გადაყვანისას 675.6%-ს შეადგენს. როგორც წესი სესხის აღებისას კომპანიების საიტზე წლიური ეფექტური განაკვეთი მითითებული არაა, თუმცა მომხმარებლებს მისი გამოთვლა სებ-ის კალკულატორით შეუძლიათ.

კანონპროექტით შემოთავაზებული 100%-იანი ლიმიტი მნიშვნელოვნად ნაკლებია ამ სესხების "საბაზრო" განაკვეთზე. მაგალითად, შემოთავაზებული 100%-იანი ლიმიტის შემთხვევაში, ერთი თვით 1000 ლარის გაცემისას მაქსიმალური განაკვეთი დაახლოებით 60 ლარი შეიძლება იყოს, რაც წლიურ ეფექტურ 98%-ს შეადგენს.

მოთხოვნა-მიწოდებიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც განაკვეთზე ჭერი ამ პროდუქტის საბაზრო განაკვეთზე ოთხჯერ ნაკლებია, ონლაინსესხების ბაზარზე დაკრედიტების მთლიანი მოცულობა შემცირდება. არ არის გამორიცხული, რომ ბაზარზე არსებული 40-მდე კომპანიიდან საქმიანობა მხოლოდ მცირე ნაწილმა გააგრძელოს.

განაკვეთზე ჭერის დაწესება ამ ბაზარზე მიწოდებას (ახალი სესხების გაცემას) შეამცირებს, მეორე მხრივ კი მოსახლეობიდან ამ სესხებზე მოთხოვნა დაახლოებით უცვლელი დარჩება. შესაბამისად, განაკვეთის ჭერმა შესაძლოა, მიკროსესხებზე დეფიციტი გამოიწვიოს, ანუ მოსახლეობის ნაწილი, ვინც თანახმა იქნებოდა 400-700%-იან სესხზე, მათ უბრალოდ ვეღარ მიიღებს.

ონლაინსესხებს ხშირ შემთხვევაში დაბალშემოსავლიანი მოსახლეობა მოკლევადიანი ლიკვიდობის პრობლემის შესავსებად იყენებს. ეს ის მოსახლეობაა, ვინც დასაქმებულია, თუმცა ხელფასი თვიდან-თვემდე არ ჰყოფნის. იმ პირობებში, როდესაც ბაზარზე დაკრედიტება შემცირდება, მათ ამ ტიპის სესხების აღების საშუალება აღარ ექნებათ, სავარაუდოდ, ამით მათი პირობები არ გაუმჯობესდება.

კომენტარები