ენმ-ის გაყოფა

ბოკერია: მთავარი ბელადის კაპრიზი კი არაა, არამედ, რაც ქვეყნისთვის მიგაჩნია სწორად

ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას ორი ძირითადი ურთიერთდაკავშირებული ამოცანა - ერთი არის დემოკრატიული გზით ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დემონტაჟი და მეორე ამ გამარჯვების შემდეგ ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი ძალიან სერიოზული პრობლემებისადმი გამკლავებაა. ისეთი გამოწვევებისადმი, როგორიც არის რუსეთის აგრესია, არსებული ოკუპაცია, ეკონომიკური კრიზისი, უმუშევრობა, სიღარიბე, კრიმინალის ზრდა, ინსტიტუტების მოშლა, ჩვენი ქვეყნის სამოქალაქო საფუძვლების მორყევა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგად.

ამ ამოცანების გადაწყვეტას სჭირდება გუნდი, რომელსაც აქვს რწმენა, ნებისყოფა, კომპეტენცია და ხედვა. ამ ამოცანების გადაჭრას სჭირდება გუნდი, რომელსაც ესმის, რომ ხელისუფლება, სახელმწიფო უნდა იყოს ძლიერი და ეფექტური, რომ ქვეყანა გარე მტრისგან დაიცვას, კრიმინალს თავი არ ააწევინოს, მოქალაქე მოძალადისგან დაიცვას, მაგრამ ამავე დროს ესმის ძალიან კარგად, რომ ხელისუფლება და სახელმწიფო იყოს მცირე ზომის, უნდა იყოს შეზღუდული, რათა თავად არ იქცეს საფრთხედ ადამიანებისთვის, თავისუფალი ეკონომიკისა და ჩვენი პერსონალური თავისუფლებისთვის.

ამ ამოცანების გადაჭრას სჭირდება გუნდი, რომელსაც ესმის, რომ ბელადი რასაც გიბრძანებს, ან რაც მისი კაპრიზია, ის კი არ არის მთავარი, როგორც ეს დღეს, სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილს და მის დღევანდელ გარემოცვას ჰგონია, არამედ საკუთარი პოლიტიკური პრინციპები და ის, რაც ქვეყნისთვის მიგაჩნია სწორად, ეგ არის მთავარი.

ამ ამოცანების გადაჭრას სჭირდება გუნდი, რომელსაც ღრმად სწამს, რომ ქვეყანა უნდა იმართებოდეს კონსტიტუციით და ხალხის მიერ და არა შუშის სასახლიდან ოლიგარქ ივანიშვილის მიერ. მხოლოდ ასეთი გუნდი შეძლებს ჩვენი ქვეყნის წინსვლას და თავისუფლების დაცვას. ჩემი ღრმა რწმენით, ასეთი გუნდი არის დღეს აქ თქვენ წინაშე წარმოდგენილი.

საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი გიგა ბოკერია ენმ-ის გაყოფის შესახებ გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები