ენმ-ის გაყოფა

კახიძე: მელია თავისი განცხადებებით ასავალ-დასავალის დონემდე დავიდა

parliament.ge

ევროპული საქართველოს წევრი ოთარ კახიძე ნიკა მელიას მიერ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში გაკეთებულ განცხადებებს პასუხობს. მელიას თქმით, დავით კეზერაშვილმა მილიონები ძარცვით იშოვა და ახლა ევროპულ საქართველოს აფინანსებს. ოთარ კახიძე კი ამბობს, რომ დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ ბრალდებებს პასუხი საფრანგეთისა და ბრიტანეთის სასამართლოებმა გასცეს.

„სამწუხარო მოსასმენია ჩემი ყოფილი თანაგუნდელისგან, ნიკა მელიასგან არა პოლიტიკური ოპონირება ან დავა - ვის უკეთესი ხედვა აქვს, არამედ „ქოცური ნარატივი“ ანუ "ასავალ-დასავალის" სტილში ჭორიკნობა იმის შესახებ, რომ ვიღაცა ძარცვავდა, ვიღაცამ 19 მილიარდი წაიღო, ვიღაცა ბავშვებს ჭამდა და ვიღაცამ ვიღაცას რაღაც მოაჭამა. ეს არის დამკვიდრებული "ქოცური ნარატივი", რომელიც ერთი ერთში გაიმეორა ახლა ნიკა მელიამ და დავიდა "ასავალ-დასავალის" დონემდე.

ამაზე პასუხი არის მარტივი, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობდა ივანიშვილის ხელისუფლების მხრიდან, მათ შორის იყო ორი საექსტრადიციო დავა. ბრალდებები, რომ თითქოს კეზერაშვილმა რაღაც მოიპარა და გაფლანგა, შეამოწმა არა მურუსიძის სასამართლომ, არამედ შეამოწმა საფრანგეთის და გაერთიანებული სამეფოს, ლონდონის სასამართლომ. შეამოწმა ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ და სამივე პასუხი იყო ის, რომ აქ არანაირი დანაშაულის ნიშნები არ არის და ეს საქმეები არის პოლიტიკურად მოტივირებული. როდესაც არის ბრალდებები, ბრალდებებზე არის სამართლებრივი პასუხები. სამართლებრივი პასუხები გასცა ბრიტანეთის და საფრანგეთის სასამართლოებმა.“ - ამბობს ოთარ კახიძე.

კახიძემ მელიას იმ ბრალდებებსაც უპასუხა, სადაც ის ამბობდა, რომ გიგა ბოკერია, გიგი უგულავა და დავით კეზერაშვილი ბიძინა ივანიშვილთან ერთად ცდილობდნენ, დაენგრიათ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. 

„რაც შეეხება იმას, რომ ვიღაცა ვიღაცას გაურიგდა, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური ოპონენეტი ვარ, ვერ ვიკადრებ ისეთი რამის თქმას, რასაც ახლა ნაციონალური მოძრაობის ლიდერები კადრულობენ. ნიკა მელიასაც წაუყენეს ბრალი 2012 წელს და ჩვენ მაშინ თანაგუნდელები ვიყავით. მე რომ გამოვდგე ახლა და ვთქვა - "ნიკა მელია რომ არ დააპატიმრეს და მის წინააღმდეგ რომ ჯერჯერობით გამამტყუნებელი განაჩენი არ არის გამოტანილი, ე.ი. მელია არის გარიგებული ივანიშვილთან" - შეიძლება ესეთი რიტორიკით საუბარი?! არ შეიძლება, პოლიტიკის გამო დახურდავდე ადამიანი ასეთ დონეზე." - ამბობს კახიძე.

დავით კეზერაშვილი ქართული მხარის მოთხოვნით 2013 წლის 15 ოქტომბერს საფრანგეთში დააკავეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს და სასამართლომ მის ექსტრადიციაზე უარი განაცხადა, მიზეზად საქმეში შესაძლო პოლიტიკური მოტივი დასახელდა. იმავე მიზეზით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ექსტრადირებაზე დიდმა ბრიტანეთმაც უარი თქვა. 2015 წლის ივლისში კი, კეზერაშვილი ინტერპოლის ძებნილთა სიიდანაც ამოიღეს.

კომენტარები