ენმ-ის გაყოფა

სააკაშვილი: ხალხი ემხრობა იდეას, ამ იდეაში მათ სჭირდებათ ჩემი დახმარება

112.ua

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში დარჩა ის ხალხი, "ვისაც სჯერა იდეის და გამარჯვების". სააკაშვილმა რუსთავი ორის ეთერში განაცხადა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იდეის გარეშე არის ნული". მანვე აღნიშნა, რომ ხალხი ხმას უფრო მეტად არა პერსონალიებს, არამედ ნაციონალური მოძრაობის იდეას აძლევდა და "იდეას ჩემი საქართველოში ჩამოსვლის და პროცესებში მონაწილეობის".

კითხვაზე, თუ თვლით, რომ 500 000 ხმა პერსონალურად თქვენი მიღებული ხმებია, სააკაშვილი პასუხობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა ნულია იდეის გარეშე, იდეა არის ქართული სახელმწიფოებრიობა. პირველად ასწლეულების განმავლობაში და პოტსაბჭოთა სივრცეში, საქართველომ შეძლო თანამედროვე სახელმწიფოებრიობის შექმნა და ეს გავაკეთეთ ჩვენ. აქ არის ძირითადი განსხვავება ჩემს, ჩემი მხარდამჭერების ხედვას და იმ ადამიანებს შორის, ვინც დატოვა ენმ".

"პარტია არის იდეის გარშემო გაერთიანებული ხალხის ჯგუფი. მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ რაღაც ნაწილმა ჩვენი თანამებრძოლების, დაკარგა რწმენა იდეის, გამარჯვების, დაკარგა რწმენა იმისა, რასაც ჩვენ ვემსახურებოდით. შეიძლება, არც არასდროს სჯეროდათ იმის, რასაც ვემსახურებოდით", - თქვა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ენმ-ის გაყოფა დადებითი პროცესია, რადგან "მუდმივი გარკვევები იმ ხალხს შორის, რომელიც მთავარ რაღაცაზე - იდეაზე - ვერ თანხმდება, მხოლოდ აზარალებდა პარტიას".

"დარჩა ის ხალხი, ვისაც სჯერა იდეის და გამარჯვების. ვისაც გვჯერა, ისინი უნდა გავატაროთ წინ, ჰო? გაიხსნა გზა იმ ხალხისთვის, ვინც შეინარჩუნა იდეის ერთგულება. დიდი მასივი გაიწია გვერდზე და გაიხსნა ახალი გზა, ეს მხოლოდ დადებითი პროცესია. ამას მე სხვანაირად ვერ შევხედავ", - განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ხალხი ემხრობა იდეას, რაშიც სჭირდებათ მისი დახმარება.

"მე რომ ერთი წუთით მაინც მეგრძნო, რომ ამ მრავალათასიან აქტივს აღარ ვუნდივარ, ვერ გამასწრებდა ვერავინ, რომ მეთქვა - მე გავდივარ გვერდზე, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. უფრო მეტიც, როცა მოხდა ინიცირება იდეის, რომ სააკაშვილი გავწიოთ გვერდზე, ამას მოჰყვა აღშფოთება და აქტიური რეაქცია, ეს ხალხი პიროვნულად მე კი არ მემხრობა, ეს ხალხი ემხრობა იდეას. ამ იდეაში მათ სჭირდებათ ჩემი დახმარება, რადგან დაინახეს, რას მივაღწიეთ იმ წლებში, იმ საამაყო ცხრა წელიწადში, მათ უნდათ გაგრძელება. მარტივია, ხალხი არის პრაგმატული", - განაცხადა სააკაშვილმა.

კითხვაზე, "შეგვიძლია ვთქვათ, რომ იდეის, რომლის გარშემოც ერთიანდება ენმ, მთავარი გამომხატველი მაინც თქვენ ხართ?", ყოფილი პრეზიდენტი პასუხობს - "პრობლემა იმდენად იმაში კი არ არის, რომ მარტო მე ვარ გამომხატველი, გამომხატველი ბევრად მეტია, პრობლემა იმ ხალხს, ვინც გავიდა, ჰქონდა ის, რომ ისინი აღარ იყვნენ ამ იდეის გამომხატველები, აღარ ჰქონდათ ამაღლებული მოტივაცია, ბევრი მათგანი დაიღალა", - თქვა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ოლიგარქს მხოლოდ იდეა და იდეალისტები დაამარცხებს.

"ამიტომ ის, რომ პარტიაში რჩებიან იდეური ხალხი და იდეალისტები, ეს დადებითი პროცესია", - ამბობს ყოფილი პრეზიდენტი.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა რამდენიმე დღის წინ გაიყო და ახალი პარტიის შექმნა დაანონსდა. ენმ დატოვა 21-მა დეპუტატმა და პოლიტსაბჭოს 27-მა წევრმა. ამ დროისთვის, პარლამენტში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქცია აღარ არსებობს. საპარლამენტო უმცირესობის ფარგლებში შეიქმნა ორი ახალი ფრაქცია - ევროპული საქართველო და ევროპული საქართველო უკეთესი მომავლისთვის.

კომენტარები