ენმ-ის გაყოფა

ბოკერია: სიცრუეა, რომ სააკაშვილი არ იყო ჩართული სიის ფორმირების პროცესში

ტაბულა

საპარლამენტო ფრაქცია - ევროპული საქართველოს წევრის გიგა ბოკერიას თქმით, სიცრუეა, რომ მიხეილ სააკაშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიის ფორმირების პროცესში ჩართული არ იყო. ტაბულასთან საუბარში, ბოკერია გადაცემა არჩევანში გასულ მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა.

"ვის წარმოუდგენია, რომ მიხეილ სააკაშვილი არ იყო ჩართული საარჩევნო სიის ფორმირების პროცესში? საჯაროდ იძახდა, რომ მისი შექმნილია ეს სია. სხვათა შორის, არც მაშინ არ იძახდა სრულ სიმართლეს, იმიტომ რომ სია იყო პროცესის შედეგი, მაგრამ პირდაპირ იძახდა, რომ "მე შევარჩიე ეს სახეები". ხშირად ახსენებს სიტყვას - მე. ეს არის სხვათა შორის ერთ-ერთი სიმპტომი. ეს, რა თქმა უნდა, სიცრუეა. სიასთან დაკავშირებით, ჩვენ უმწვავესი დისკუსიები გვქონდა. ის რამდენჯერმე ჩაერთო პოლიტსაბჭოს და ეს იცის მთელმა პარტიამ. ბევრი კომპრომისული ნაბიჯი გადაიდგა", - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

ევროპული საქართველოს დეპუტატის თქმით, საარჩევნო სიის ფორმირების პროცესში პარტიაში არსებობდნენ ადამიანები, რომლებმაც სიაში კონკურენციაზე უარი განაცხადეს.

"ძალიან პრინციპულები იყვნენ ადამიანები, რომლებმაც სიაში კონკურენციაზე უარი განაცხადეს. მაგალითად - გოკა გაბაშვილი, გივი თარგამაძე, იმიტომ, რომ ეს მისი კატეგორიული მოთხოვნა იყო. სხვა მოთხოვნებიც ჰქონდა, იმის თქმა კი არ მსურს, რომ ყველაფერი გაიტანა, როგორც თვითონ სურდა. სწორედ ამაშია ყველაფერი, რომ ესე არ იყო, მაგრამ მოგიყვანეთ მაგალითი, თუ რა როლი ჰქონდა მას", - თქვა ბოკერიამ.

ტაბულასთან ინტერვიუში, გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რომ საარჩევნო სიის ფორმირების დროს წინააღმდეგობა არა მხოლოდ პერსონალიებში, არამედ წესების არსებობის გამო იყო.

"მთავარი წინააღმდეგობა სიასთან დაკავშირებით, არა მხოლოდ პერსონალიებში მდგომარეობდა, თუმცა ესეც მისთვის მნიშვნელოვანი საკითხი იყო, არამედ, უნდა არსებობდეს თუ არა წესები. ანუ რაღაც პროცედურა თუ რაღაც მეტ-ნაკლებად სამართლიანი კრიტერიუმი, რომლის ფარგლებშიც უკვე პოლიტიკურ ლიდერებს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილსაც თავის წონა ექნებოდა და შეძლებდა თავის წონის გამოყენებას, მაგრამ არა ისე, რომ მიშამ დაწეროს სია, ისე როგორც ზოგიერთი ჯგუფი პარტიის შიგნით იძახდა. ეს არ დავუთმეთ ნამდვილად, მაგრამ ბევრი სხვა რამის დათმობა კომპრომისის მიღწევის გამო მოხდა", - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

კომენტარები