გიორგი ცერცვაძის დაკავება

POG: უკრაინას განვუმარტეთ ცერცვაძის რუსეთისთვის გადაცემის მიზანშეუწონლობაზე

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

საქართველოს მთავარი პროკურატურა ვიცეპოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს პროკურატრამ უკრაინის საგამოძიებო უწყებას მიაწოდა ინფორმაცია ცერცვაძის რუსეთისთვის გადაცემის მიზანშეუწონლობაზე.

"გუშინ საქართველოს პროკურატურის ინიციატივით საქართველოს მოქალაქის გიორგი ცერცვაძის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის მიზნით დაკავებასთან დაკავშირებით განხორციელდა კომუნიკაცია უკრაინის პროკურატურასთან. საქართველოს პროკურატურის მიერ უკრაინელ კოლეგებს მიეწოდათ ყველა შესაბამისი ინფორმაცია გ. ცერცვაძის შესახებ და განმარტება მისი ძებნის ინიციატორი მხარისთვის გადაცემის მიზანშეუწონლობის თაობაზე, რომ საქართველოს მოქალაქის რუსეთის მხარისთვის გადაცემით დაირღვევა გიორგი ცერცვაძის ძირითადი უფლებები. საქართველოსა და უკრაინის პროკურატურებს შორის ასევე მოხდა შეთანხმება აღნიშნულ საკითხზე მომავალშიც აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ", - წერია განცხადებაში.

უწყებისვე ცნობით, საქართველოს პროკურატურის მიერ გიორგი ცერცვაძის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადირებასთან დაკავშირებით გაგრძელდება ინტენსიური კომუნიკაცია უკრაინელ კოლეგებთან, რათა არ განხორციელდეს მისი ძებნის ინიციატორი სახელმწიფოსთვის გადაცემა.

ამასთან, დღეს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საქართველოს მთავარ პროკურატურას ვიცეპოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძის საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა.

ჯარისკაცი გიორგი ცერცვაძე რამდენიმე დღის წინ, უკრაინაში, საქართველოს საზღვრის გადაკვეთის შემდეგ დააკავეს. ცერცვაძეს, რომელიც აფხაზეთისა და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, რუსეთის ხელისუფლება 2003 წელს მომხდარ მკვლელობაში ადანაშაულებს, თუმცა მასზე საერთაშორისო ძებნა 2016 წელს გამოცხადდა. ქართველი ჯარისკაცი ამ დროისთვის უკრაინის ციხეში იმყოფება.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ქართველი სამხედროს პერსონალური მონაცემები რუსეთის ხელში საქართველოს იუსტიციის ან შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზიდან აღმოჩნდა.

კომენტარები