გია ცერცვაძის საქმე

უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაური: პროკურორის თქმით, ცერცვაძეს გაათავისუფლებენ

მამუკა მამულაშვილი, უკრაინაში საქართველოს ლეგიონის მეთაური

უკრაინაში საქართველოს ლეგიონის მეთაური, მამუკა მამულაშვილი, ამბობს, რომ მას უკრაინის გენერალური პროკურორი, იური ლუცენკო, დაუკავშირდა. მამულაშვილის თქმით, ამ წუთებში უკრაინის ქართული ლეგიონის სახელით იწერება წერილი, სადაც დადასტურებულია, რომ ვიცეპოლკოვნიკი გია ცერცვაძე ნამდვილად უკრაინის მხარეს იბრძოდა. 

მამულაშვილი ამბობს, რომ უკრაინის გენერალური პროკურორის სიტყვებით, ზეგ, სასამართლო პროცესის შემდეგ, გია ცერცვაძეს გაათავისუფლებენ.

"დღეს დილიდან უკრაინის პროკურატურასთან რამდენჯერმე გვქონდა უკვე საუბარი. პრინციპში, მას ერთადერთი რამ უნდოდა, დაგვედასტურებინა, რომ ეს ადამიანი [გია ცერცვაძე] იბრძოდა უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში. მე ეს სიტყვიერად დავადასტურე და შემდეგ მთხოვა, რომ წერილი გამეკეთებინა ლეგიონის სახელით, რომ ის იბრძოდა უკრაინის მხარეს. ეს წერილი ამ წუთებში მზადდება და გადაეცემა პროკურორს, სავარაუდოდ, დღესვე. მისი სიტყვებით, ზეგ, სასამართლოს მერე, ცერცვაძეს გაათავისუფლებენ," - თქვა მამუკა მამულაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა "არჩევანში" უკრაინიდან სატელეფონო ჩართვისას. 

ჯარისკაცი გიორგი ცერცვაძე რამდენიმე დღის წინ, უკრაინაში, საქართველოს საზღვრის გადაკვეთის შემდეგ დააკავეს. ცერცვაძეს, რომელიც აფხაზეთისა და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, რუსეთის ხელისუფლება 2003 წელს მომხდარ მკვლელობაში ადანაშაულებს, თუმცა, მასზე საერთაშორისო ძებნა 2016 წელს გამოცხადდა. ქართველი ჯარისკაცი ამ დროისთვის უკრაინის ციხეში იმყოფება.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ქართველი სამხედროს პერსონალური მონაცემები რუსეთის ხელში საქართველოს იუსტიციის ან შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზიდან აღმოჩნდა.

ვიცეპოლკოვნიკ გია თარგამაძის გათავისუფლების მოთხოვნით რამდენიმე საპროტესტო აქციაც გაიმართა. 

კომენტარები