ხანძარი ბავშვთა სამყაროში

"ბავშვთა სამყაროს" ორი მოვაჭრე პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს

რუსთავი 2

პოლიციამ "ბავშვთა სამყაროს" ორი მოვაჭრე თამარ მეფის გამზირის გადაკეტვის გამო დააკავა. მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებიან, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას 400 ლარის ოდენობით ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთიდან ექვს თვემდე ვადით, ხელფასიდან ოცი პროცენტის დაქვითვით. ხოლო თუ საქმის გარემოებათა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომების გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული – ადმინისტრაციულ პატიმრობას 90 დღემდე ვადით.

”ბავშვთა სამყაროს” მოვაჭრეებმა თამარ მეფის გამზირი დღეს გადაკეტეს. ისინი დახლებში დარჩენილი ძვირფასეულობის გამოსატანად, სავაჭრო ცენტრში შესვლას ითხოვდნენ.

მოვაჭრეების თქმით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მიიღეს პირობა, რომ დღეს, 11:00-დან, დამწვარ შენობაში შეუშვებდნენ, თუმცა დღეს მათთან არავინ მისულა. დაზარალებულები ამბობენ, რომ თუ დღეს შენობაში არ შეიყვანენ, კუთვნილი ძვირფასეულობის გამოსატანად ტერიტორიაზე ძალის გამოყენებით შევლენ.

რუსთავი ორის ცნობით, სამართალდამცავებმა გზის სავალი ნაწილის გათავისუფლება ძალის გამოყენებით შეძლეს. ამ დროისთვის საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. 

30 იანვარს, გვიან ღამით გაჩენილი ხანძრის შედეგად, "ბავშვთა სამყარო" და ე.წ. საბითუმო ბაზრობა მთლიანად დაიწვა. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ბაზრის ტერიტორიაზე გაჩნდა და შემდეგ, "ბავშვთა სამყაროს" შენობას მოედო.

ამ დროის მონაცემებით, ხანძარს მხოლოდ ოქროს საცავში შენახული ძვირფასეულობა გადაურჩა. ხანძრით დაზარალებულ მოვაჭრეთა ნაწილი კი, "ბავშვთა სამყაროს" შენობაში შესვლას ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობს. მათი თქმით, ოქრო-ვერცხლის ნაკეთობები დახლებში ჰქონდათ შენახული და არა - სეიფებში. მოვაჭრეები ადგილის დათვალიერებას ითხოვენ, თუმცა, იმის გამო, რომ "ბავშვთა სამყაროში" უსაფრთხოების ნორმები დაცული არ არის, მათ შენობაში არ უშვებენ. 

ბავშვთა საყაროს დემონტაჟი გუშინ უნდა დაწყებულიყო, თუმცა, იმის გამო, რომ ხანძრის კერები ბოლომდე ლოკალიზებული არ არის, პროცესი კვლავ გადაიდო.

კომენტარები