რუსთავი 2-ის საქმე

გვარამია: მინიმუმ 2 წელია, ადეიშვილთან ტელეფონით არ მისაუბრია

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დღეს გამოქვეყნებულ ჩანაწერთან დაკავშირებით ამბობს, რომ ზურაბ ადეიშვილთან ტელეფონზე 2 წელზე მეტია, არ უსაუბრია. მისი თქმით, აუდიოჩანაწერი დამონტაჟებულია და მისი სხვადასხვა საუბრის კომპილაციაა.

"ძალიან დინამიურად იმუშავა სუს-მა გუშინდელი ჩვენი სიუჟეტის მერე, რაც მოსამართლე ნაზღაიძის მიერ ქრთამის მიღებას ეხება. პრაქტიკულად, უტყუარად არის დადასტურებული ჩვენი ჟურნალისტური გამოძიებით. ამის გადაფარვა არ გამოვა, მეგობრებო, მოგიწევთ პასუხის გაცემა ქალბატონი ნაზღაიძისთვის გადაცემულ სახელმწიფო სახსრებთან დაკავშირებით. მოგიწევთ პასუხის გაცემა, რა განცხადება შეიტანეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა პროკურატურაში. 

ჩანაწერში, რაც ვიცანი, დაახლოებით 4-5 საუბარია, რაც ვერ ვიცანი, მეორე საკითხია. ბატონ ადეიშვილთან მინიმუმ ბოლო 2 წელია, არ მისაუბრია ტელეფონით, საუბარი შემდგარა, მაგრამ კიევში. არაერთხელ ვყოფილვარ იქ, ჩვენი დამფუძნებლები ცხოვრობენ და ისიც იქ ცხოვრობდა რაღაც პერიოდი.

რამდენიც არ უნდა ეცადოთ, ჩემი კორუფციაში გასვრა არ გამოვა, ამის მინიმალური გამოცდილებაც არ არსებობს ჩემს ბიოგრაფიაში. პირიქით, არსებობს გამოცდილება კორუფციასთან ბრძოლის", - თქვა გვარამიამ.

ჩანაწერში, რომლის ავთენტურობა არაა დადასტურებული, თითქოსდა გვარამია და ადეიშვილი მოსამართლეებისთვის ქრთამის მიცემაზე საუბრობენ.

კომენტარები