რუსთავი 2-ის საქმე

აბესაძე ნაზღაიძეზე: მერის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დგებოდეს

ტაბულა

„როდესაც თბილისის ბიუჯეტიდან თბილისის ქონება იფლანგება ასეთი დიდი ოდენობით, ამაზე მერს პასუხის გაცემა უნდა შეეძლოს“, - "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" დეპუტატი ირაკლი აბესაძე მოსამართლე ნატალია ნაზღაიძის ოჯახისათვის მილიონი ლარის გადაცემის საკითხს ეხმაურება. უმცირესობაში მიიჩნევენ, რომ მერის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.

„ნარმანიას პასუხისმგებლობის საკითხი არაერთხელ უნდა დამდგარიყო, თუკი ჩვენ რეალურად ვისაუბრებდით თბილისში არსებულ კორუფციულ გარიგებებზე, თუმცა ეს გამონაკლისად სკანდალური და ძალიან მსხვილმასშტაბიანი კორუფციული გარიგების ნიშნებს შეიცავს. ამიტომაც დროულად უნდა დაასრულოს გამოძიება პროკურატურამ და გასცეს პასუხი შეკითხვას - არის თუ არა მერი და მერიის თანამდებობის სხვა პირები ამაში დამნაშავე. პოლიტიკური თვალსაზრისით უკვე ცალსახაა, რომ მისი [ნარმანიას] თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დგებოდეს და ის ამ პასუხისმგებლობას უნდა იღებდეს. როდესაც თბილისის ბიუჯეტიდან თბილისის ქონება იფლანგება ასეთი დიდი ოდენობით, ამაზე მერს პასუხის გაცემა უნდა შეეძლოს“, - ამბობს აბესაძე.

შეგახსენებთ, რომ რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლე ნატალია ნაზღაიძის ოჯახის წევრს თბილისის მერიამ 1 მილიონი გადასცა. თბილისის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის განკარგულებით, მოსამართლის ოჯახს მერიამ სანდრო ეულის ქუჩაზე 515 000 ლარად შეფასებული 5000 კვ.მ მიწა გადაუფორმა, 129 000 ლარი ნაზღაიძეს ბანკში კრედიტის დასაფარად მისცა, 43 000 დოლარი საბანკო ვალდებულების გასასტუმრებლად, 220 000 ლარს კი ბანკში იმ ანგარიშზე ჩაურიცხავს, რომელსაც მოსამართლის ძმა ზვიად ნაზღაიძე დაასახელებს.

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრი ირაკლი აბესაძე ის ადამიანი იყო, რომელმაც აღნიშნული საქმე გამოიძია და შემდეგ მედიას მიაწოდა. აბესაძის თქმით, ვერეს ხეობაში მდინარის პირას ნატალია ნაზღაიძის ძმა 2013 წლიდან მიწის ნაკვეთს ფლობდა. 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შემდეგ ეს მიწის ნაკვეთი სტიქიის ზონაში მოექცა და, შესაბამისად, იქ ნებისმიერი სახის მშენებლობა აიკრძალა, თუმცა, მერიამ მაინც გადაწყვიტა, ნაკვეთი, რომელსაც არანაირი დანიშნულება არ გააჩნია, სასწრაფო წესით, ორგანული კანონის გადაუდებელი აუცილებლობის მუხლით გამოესყიდა. აბესაძე მერიას და საკრებულოს ფულის გაფლანგვაში ადანაშაულებს.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ჯაბა სამუშია კი ამბობს, რომ მილიონი მერიამ მოსამართლის ოჯახს, საკრებულოს დადგენილების საფუძველზე, კომპენსაციის მიზნით მისცა. თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ლექვინაძის თქმით კი, მერია კანონის ფარგლებში მოქმედებდა და ნაკვეთით ინვესტორი იყო დაინტერესებული.

თბილისის საკრებულოს ოპოზიციამ დღეს საკრებულოში განკარგულების პროექტი შეიტანა, რომლის თანახმადაც, უნდა გაუქმდეს თბილისის მერიის გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლე ნატალია ნაზღაიძის ოჯახისთვის 1 მილიონი ლარის გადაცემასთან დაკავშირებით.

მოსამართლე ნატალია ნაზღაიძემ ტელეკომპანია რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

კომენტარები