ბათუმის აქცია

ომბუდსმენი: ბათუმში გამართული აქცია გამოხატვის თავისუფლებას გასცდა

უჩა ნანუაშვილი
სახალხო დამცველის აპარატი

უჩა ნანუაშვილი ბათუმში მიმდინარე მოვლენების გამო აღშფოთებას გამოთქვამს.

"საქართველოს სახალხო დამცველი აღშფოთებას გამოთქვამს ქალაქ ბათუმში გასული ღამის განმავლობაში მიმდინარე მოვლენების გამო. ხელისუფლების ვალდებულებაა სრულყოფილი გამოძიების შედეგად, ამომწურავი პასუხი გაეცეს ყველა კითხვას, რაც ამ მოვლენებმა საზოგადოებაში გააჩინა", - აღნიშნა საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს სახალხო დამცველმა.

სახალხო დამცველის თქმით, გუშინ ბათუმში გამართული აქცია შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს გასცდა.

"შეკრების თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და სახელმწიფო ხელს უწყობს ამ უფლების რეალიზებას. თუმცა, 11 მარტის მოვლენები გასცდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და გადაიზარდა დაპირისპირებაში, რომელიც შეიძლება შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულსა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნებს", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

უჩა ნანუაშვილი შეფასებით, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან რეაგირება დაგვიანებული იყო.

"გუშინ, მთელი ღამის განმავლობაში, მოსახლეობას ჰქონდა დაუცველობისა და უსუსურობის განცდა. სწორედ ამიტომაც ვფიქრობთ, რომ ის რეაგირება იყო დაგვიანებული, რომელიც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა განახორციელეს. ასევე, ვსაუბრობთ იმაზე, რომ მსგავსი კრიზისების პრევენცია უნდა მოხდეს და შესაბამისი სამსახურები უფრო აქტიურად უნდა იყნენ ჩართული კრიზისების განმუხტვის გეგმაში", - აღნიშნა ომბუდსმენმა.

აქცია ბათუმში დაახლოებით 12 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოქალაქეები თავდაპირველად პოლიციის მხრიდან ორი პირის დაკავებას აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ პოლიციამ დაკავების დროს ძალა გამოიყენა. შემდეგ, აქციის მონაწილეებმა პოლიციის განყოფილების ახალი უფროსის გადადგომა მოითხოვეს. მოგვიანებით კი, მათ პოლიციის შენობასთან მყოფი სპეცდანიშნულების რაზმის მისამართით ქვები ისროლეს, დააზიანეს პოლიციისა და მოქალაქეების ავტომანქანები. ამის შემდეგ პოლიციამ აქციაზე ცრემლსადენი გაზი გაუშვა. აქციის მონაწილეები დროებით მიმოიფანტნენ, თუმცა ცოტა ხანში აქცია კვლავ განახლდა და გაგრძელდა.

ოფიციალური ინფორმაციით, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 30-ზე მეტ ადამიანს, მათ შორის არიან პოლიციელებიც. აქციაზე დაკავებულია 20-ზე მეტი ადამიანი. ამ დროისთვის, ბათუმში აქცია დასრულებულია.

კომენტარები