ბათუმის აქცია

პროკურატურა მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიასთვის პატიმრობას ითხოვს

აქცია ბათუმში

პროკურატურა ბათუმის არეულობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ბრალდებით დაკავებული ირაკლი ჩხვირკიასა და მერაბ ღოღობერიძისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 12 მარტს, პოლიციის თანამშრომლების წინააღმდეგ, ქალაქ ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრ „ბათუმი პლაზას“ მიმდებარე ტერიტორიაზე მ.ღ.-ს  და ი.ჩ.-ს მიერ, სხვადასხვა დროს, განხორციელდა ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა, რა დროსაც ხელკეტების, ქვების და ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილის“ გამოყენებით ათეულობით პირი თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს და ცდილობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ა.რ. პოლიციის დეპარტამენტის შენობაში შეჭრას. თავდასხმის შედეგად სხეულის დაზიანება მიიღო 35-მა პოლიციელმა. თავდამსხმელებმა ცეცხლის წაკიდებით დააზიანეს და გაანადგურეს სახელმწიფოსა და მოქალაქეების კუთვნილი 83 680 ლარის ღირებულების ავტომანქანები და 132 770 ლარის ღირებულების ქ.ბათუმის მერიის კუთვნილი ქონება" - აცხადებს მთავარი პროკურატურა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები