სამთავრობო ქალაქი

გახარია: ბევრი სამინისტროს ადგილზე, სჯობს, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო იდგეს

ვიცეპრემიერი გიორგი გახარია
ტაბულა

"გვაქვს ბევრი სამინისტრო, რომელიც ისეთ ლოკაციაზეა, სადაც ჯობია, რომ იყოს ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო", - ამბობს ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია პრემიერის ინიციატივაზე, რომელიც სამინისტროების ერთიან სივრცეში, ორთაჭალის ტერიტორიაზე გადატანას ითვალისწინებს. გახარიას თქმით, პროექტის მიზანი საბიუჯეტო სახსრების ოპტიმიზაციაა. მინისტრი პროექტის სავარაუდო ღირებულებას არ ასახელებს.

"ვთვლი, რომ ეს არის ხარჯების ოპტიმიზაციის ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება. მეორე - ჩვენ ტურისტული ქვეყანა ვართ, თბილისი ტურიზმის მნიშვნელოვანი ცენტრია და გვაქვს ბევრი სამინისტრო, რომელიც ისეთ ლოკაციაზეა განთავსებული, სადაც ჯობია, რომ იყოს ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, რაც კიდევ უფრო მეტად გაზრდის ქალაქის ეკონომიკას და ტურისტების მიღებას შეუწყობს ხელს, თუმცა ახლა ჩვენი ამოსავალი საკითხია ხარჯების ოპტიმიზაცია", - ამბობს გახარია. 

პროექტის ფინანსური ნაწილი:

პროექტის დეტალები ამ დროისთვის უცნობია. მთავრობის მეთაურს არ უთქვამს, თუ რა დაჯდება სამთავრობო ქალაქის აშენება. 2017 წლის ბიუჯეტის მიხედვით კი, ამ პროექტის მშენებლობა გათვალისწინებული არაა. პროექტის დაფინანსება შესაძლოა, არსებული სამინისტროების შენობების პრივატიზაციით მოხდეს.

ორთაჭალაში, დღეის მდგომარეობით, სამი სამინისტროა განთავსებული, ესენია: ფინანსთა, გარემოს დაცვისა და იუსტიციის სამინისტროები. ერთადერთი სამინისტრო, რომელიც ნაქირავებ ოფისშია, ეკონომიკის სამინისტროა. ის თბილისის ცენტრში შენობას ქირაობს. ეკონომიკის სამინისტროს ძველი შენობა კი გასხვისებულია.

კომენტარები