სამთავრობო ქალაქი

ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქი აშენდება

facebook.com/KvirikashviliOfficial

პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქის მშენებლობა იწყება, სადაც, ერთეული გამონაკლისის გარდა, ყველა სამინისტრო განთავსდება. პრემიერმა ამ სიახლესთან დაკავშირებით მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

პრემიერისვე თქმით, ორთაჭალაში ქალაქის მშენებლობისთვის უკვე გამოყოფილია ტერიტორია.

"ერთის მხრივ, იქნება ძალიან კარგი, რადგან ქალაქის ცენტრში ძალიან ბევრი საოფისე თუ სასტუმროსთვის სივრცე გამოთავისუფლდება, მეორეს მხრივ კი, წახალისდება სამშენებლო სექტორი. მოცულობითი სივრცის აშენება იგეგმება, სადაც არაერთი სამინისტრო განთავსდება. ორთაჭალის იმ უბანში, პრაქტიკულად, ყველა სამინისტრო მოიყრის თავს, ერთეული გამონაკლისის გარდა, რაც უზრუნველყოფს როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისთვის ფიზიკური მომსახურეობის თვისობრივად ახალ ეტაპზე გადასვლას", - თქვა კვირიკაშვილმა.

პროექტის დეტალები ამ დროისთვის უცნობია. მთავრობის მეთაურს არ უთქვამს, თუ რა დაჯდება სამთავრობო ქალაქის აშენება. 2017 წლის ბიუჯეტის მიხედვით კი, ამ პროექტის მშენებლობა გათვალისწინებული არაა.

ორთაჭალაში, დღეის მდგომარეობით, სამი სამინისტროა განთავსებული, ესენია: ფინანსთა, გარემოს დაცვისა და იუსტიციის სამინისტროები. ერთადერთი სამინისტრო, რომელიც ნაქირავებ ოფისშია, ეკონომიკის სამინისტროა. ის თბილისის ცენტრში შენობას ქირაობს. ეკონომიკის სამინისტროს ძველი შენობა კი გასხვისებულია.

კომენტარები