პოლიციელებზე თავდასხმა

სასამართლომ პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულს 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ShutterStock

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ პოლიციელებზე თავდასხმაში, ავტომანქანის ქურდობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში ბრალდებულ ომარ ცისკარაშვილს 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

მთავარი პროკურატურის ცნობით, დადასტურდა, რომ 2016 წლის 10 მაისს, დაახლოებით 23:00-ზე, გურჯაანში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს პატრულ-ინსპექტორებმა გიორგი ამისულაშვილმა და მალხაზ მღებრიშვილმა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული BMW-ს მარკის ავტომანქანა შეამჩნიეს.

"პოლიციის თანამშრომლებმა ავტომანქანის მესაკუთრეს ომარ ცისკარაშვილს აცნობეს, რომ სატრანსპორტო საშუალება უნდა გადაეყვანათ საჯარიმო ავტოსადგომზე, რაზეც ომარ ცისკარაშვილი გახდა აგრესიული, პოლიციის თანამშრომლებს განუცხადა, რომ ავტომანქანის გადაყვანის უფლებას არ მისცემდა და ტერიტორია დატოვა. მომხდარიდან რამდენიმე წუთში ომარ ცისკარაშვილმა გურჯაანში მცხოვრებ ზ.უ-ს კუთვნილი „BMW“-ს X-5 მოდელის ავტომანქანა მოიპარა, დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე და პატრულ-ინსპექტორების მიმართულებით, რომლებიც ავტომანქანის საჯარიმო სადგომზე გადაყვანისთვის საჭირო პროცედურებს აწარმოებდნენ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, ხოლო შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად დაზიანდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კუთვნილი ორი ავტომანქანა", - აცხადებს პროკურატურა და აღნიშნავს, რომ ომარ ცისკარაშვილს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა.

"ვინაიდან იგი თავს არიდებდა გამოძიებას, მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. სამართალდამცველებმა ძებნილი ომარ ცისკარაშვილი 2016 წლის 3 ივლისს ქ. ბათუმში დააკავეს", - აცხადებს პროკურატურა.

კომენტარები