ოკუპაცია

ლუჟკოვი: საქართველო აფხაზეთისა და ცხინვალის ჩამოშორების შემდეგ უკეთ იგრძნობს თავს

იური ლუჟკოვი
საზოგადოებრივი მაუწყებელი

მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი, რომელიც საქართველოში იმყოფება, საზოგადოებრივ მაუწყებელთან კომენტარს აკეთებს, რისი თარგმანიც მაუწყებელს ეკუთვნის.

"მე მაინც ვფიქრობ, რომ აფხაზეთი სხვა ქვეყანაა, ეს სულ სხვა ხალხია. ასეა ოსეთიც. ბუნებრივია, არსებობს გარკვეული ნოსტალგია და ბრაზი, მაგრამ ვფიქრობ, საქართველო, ამ რეგიონების ჩამოშორების შემდეგ, მომავალში უკეთ იგრძნობს თავს.

ჩვენ გადმოვკვეთეთ საზღვარი. ბუნებრივია, ყველა საბუთი შემოწმდა წესის მიხედვით, თუმცა, მესაზღვრეებს ჩვენთვის შეკითხვებიც არ დაუსვამთ, ან რა შეკითხვები უნდა ყოფილიყო, ტურისტული ჯგუფი ჩამოვედით. ოკუპაციის კანონის შესახებ ვიცი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი რაც წარსულში იყო, ყველა უთანხმოება, წარსულში უნდა დარჩეს.

ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელებმა მომავალზე უნდა იფიქრონ. მე ვხედავ, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის რუსეთთან ურთიერთობა, თუნდაც სავაჭრო სივრცე, განსაკუთრებით ქართული ღვინისთვის", - თქვა ლუჟკოვმა მოამბესთან საუბარში.

მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც არის ნამყოფი, რითიც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი დაარღვია. კანონის თანახმად, ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.

დღეს შს მინისტრის მოადგილე, შალვა ხუციშვილმა თქვა, რომ ლუჟკოვი ქვეყანაში ლეგალური საბუთებით შემოვიდა და მესაზღვრეს მისი არშემოშვების ფორმალური საფუძველი არ ჰქონდა. 

კომენტარები