ოკუპაცია

ლუჟკოვი: შავ სიაში ჩემს შეყვანას აბსოლუტურად არაგონივრულ გადაწყვეტილებად მივიჩნევ

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, მოსკოვის ყოფილ მერს, იური ლუჟკოვს ორდენი გადასცა. სექტემბერი, 2016 წ.
AP/Scanpix

"მე ამას მივიჩნევ აბსოლუტურად არაგონივრულ და აბსოლუტურად გაუგებარ გადაწყვეტილებად,“ - მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ის შავ სიაში შეიყვანეს და საქართველოში შემოსვლა აუკრძალეს. ამის შესახებ ლუჟკოვმა საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. ლუჟკოვის თქმით, ეს გადაწყვეტილება არ შეესაბამება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განვითარების ტრენდს. ასევე, არ შეესაბამება საქართველოს სურვილს, რომ რუსეთთან ტურისტული ურთიერთობა განავითაროს.

"ასეთი გადაწყვეტილებები მიიღება მაშინ, როდესაც საქართველოს ან რომელიმე ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ ქმედებებს აქვს ადგილი. მოცემულ შემთხვევაში მე ვიმყოფებოდი საქართველოში როგორც ტურისტი, ტურისტულ ჯგუფში. ჩვენი მოგზაურობა გაფორმებული იყო ქართული ტურისტული სააგენტოს მეშვეობით.“- ამბობს ლუჟკოვი.

სააგენტო რია ნოვოსტი ასევე წერს, რომ ლუჟკოვის თქმით, თავის დროზე ის დაეხმარა თბილისში პირველის სკოლის აღდგენას და საქართველოს მოქალაქეები მოგზაურობისას, მასთან ურთიერთობაში თბილი და მეგობრულები იყვნენ. მისივე თქმით, მან მშვიდად გაიარა ყველა სასაზღვრო და საპასპორტო პროცედურა.

იური ლუჟკოვის შავ სიაში ჩასმის შესახებ ინფორმაცია დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მაოდგილემ შალვა ხუციშვილმა გაავრცელა. 

მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი საქართველოში რამდენიმე დღით იმყოფებოდა, რითაც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი დაირღვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ლუჟკოვი საქართველოში ლეგალური საბუთებით შემოვიდა და მესაზღვრეს მისი არშემოშვების ფორმალური საფუძველი არ გააჩნდა. 

კომენტარები