NDI-ის გამოკითხვა

NDI: 80%-სთვის მისაღებია, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, გაზრდილია იმ გამოკითხულთა რაოდენობა, ვინც ევროკავშირში გაწევრიანებას ემხრობა. კითხვაზე, "მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი", 80% დადებითად პასუხობს, რაც წინა კვლევასთან შედარებით, 8%-ით მეტია. ევროკავშირის მომხრე გამოკითხულები ფიქრობენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს ეკონომიკას გააუმჯობესებს (59%) და ქვეყანას მეტ უსაფრთხოებას მოუტანს (36%).

ამასთან, კვლევაში მონაწილეთა 12%-სთვის მიუღებელია ევროკავშირში გაწევრიანება. მათი უმეტესობა ფიქრობს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება წარმოშობს კონფლიქტს რუსეთთან (43%) და საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ეროვნულ იდენტობას (24%).

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.7%-ია.

კომენტარები