სავალუტო ჯიხურები

ეროვნულმა ბანკმა 28 სავალუტო ჯიხური დარღვევების გამო დახურა

ტაბულა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) თბილისში 28 სავალუტო გადამცვლელ პუნქტს ლიცენზია შეუჩერა. სებ-მა "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონისა და "ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის" დარღვევისთვის აღნიშნულ ჯიხურებს ლიცენზია შეუჩერა.

"აღნიშნული პუნქტების საქმიანობა ისეთი მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობდა, როგორებიცაა იდენტიფიკაცია-ვერიფიკაციის პროცესების არაჯეროვნად განხორციელება, შიდა კონტროლის სისტემის არარსებობა და სხვა. გარდა მითითებული გარემოებებისა, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობა ხშირად ხდებოდა მომხმარებელთა უკმაყოფილების მიზეზი. კერძოდ, სავალუტო პუნქტების მიერ არ ხდებოდა მომხმარებელთათვის ინფორმაციის მიწოდება გაცვლით კურსებთან დაკავშირებით. ამავე დროს, ხორციელდებოდა ტრანზაქციის საკომისიო გადასახადით დაბეგვრა ან/და გარიგების საყურადღებო კურსით განხორციელება, მომხმარებლის წინასწარი ინფორმირების გარეშე",- წერია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე.

ეროვნულმა ბანკმა 2016 წლის 16 ოქტომბერს გამოაქვეყნა სავალუტო ჯიხურების ახალი რეგულაცია. ცვლილების მიხედვით, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს სრული ინფორმაცია ვალუტის გაცვლის კურსის, მომსახურების საკომისიოს და საყურადღებო კურსის (ასეთების არსებობის შემთხვევაში) შესახებ. საყურადღებო კურსი - ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ განსაზღვრული კურსია, რა დროსაც ვალუტის ყიდვისა და გაყიდვის კურსებს შორის სხვაობა 3%-ს აღემატება.

ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა აგრეთვე უნდა უზრუნველყოს მომსახურების საკომისიოს და საყურადღებო კურსის შესახებ კლიენტისათვის თვალსაჩინო ადგილას (სალაროსთან და ვალუტის ყიდვა-გაყიდვის დაფაზე) განთავსება, ყიდვა-გაყიდვის კურსის ამსახველი ანალოგიური შრიფტის ზომით. აღნიშნული წესის მიხედვით, ვალუტის ყიდვისა და ვალუტის გაყიდვის კურსების ამსახველი დაფა უნდა გაფორმდეს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული მოთხოვნებისა და თანმიმდევრობის დაცვით.

წესში დაზუსტდა ქვითრის გაფორმების საკითხები. პუნქტი ვალდებულია მომხმარებელს ხელი მოაწერინოს ვალუტის გადაცვლის ოპერაციის ქვითარზე, რაც მომხმარებელს დამატებით საშუალებას მისცემს კიდევ ერთხელ გაეცნოს მის მიერ განხორციელებული გადაცვლის ოპერაციის პირობებს.

პუნქტის მფლობელს რეგისტრაციის გაუქმებიდან შემდეგი 2 წლის განმავლობაში არ ექნება უფლება ეროვნულ ბანკს ხელახალი რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართოს. ამასთანავე, ამ პერიოდის განმავლობაში აღნიშნული პირი არ იქნება უფლებამოსილი იყოს ვალუტის გადამცვლელი პუნქტის პარტნიორი/აქციონერი, მართველობითი ორგანოს წევრი ან/და დირექტორი.

ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოსახლეობას, რომ ვალუტის გადაცვლის ოპერაციის განხორციელებისას გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და ტრანზაქციის შესრულებამდე გადაამოწმონ ინფორმაცია როგორც გაცვლითი კურსის, ისე მომსახურების საკომისიოს შესახებ. 

კომენტარები