SOU Festival 2017

21 ივნისს რობერტ ჰენკეს Lumière III თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში შესრულდება

თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზი მესამე ადგილი იქნება, სადაც რობერტ ჰენკეს Lumière III შესრულდება. ძლიერი, ეფექტური, მინიმალისტური, ნათელი და ხმაურიანი აუდიოვიზუალური ხანგრძლივი საკონცერტო პროექტის მესამე ნაწილი ფილარმონიამდე მხოლოდ ლონდონის Barbican Hall-სა და ბრიუგეს Concertgebouw-ში შესრულდა. 

რობერტ ჰენკე თბილისში 21 ივნისს, SOU Festival 2017-ის ფარგლებში ჩამოჰყავთ. ჰენკე გერმანელი აუდიო-ვიზუალური არტისტია, დაბ-ტექნო დუეტის Monolake-ის წევრი. ასევე ლექტორია სტენფორდის უნივერსიტეტებში, სადაც ის კომპიუტერულ მუსიკასა და მასთან დაკავშირებულ დისციპლინებს ასწავლის. 

რობერტ ჰენკე პროდიუსერებისა და DJ-ებისთვის მუსიკის შესაქმნელად ყველაზე პოპულარული პროგრამის Ableton-ის დამაარსებელი და მთავარი ინჟინერია. 

Lumière III-ის პრემიერა 2017 წელს შედგა. ის გრძელვადიანი საკონცერტო პროექტის მესამე ნაწილია. Lumière ფრანგული სიტყვაა და ქართულად სინათლეს ნიშნავს, თუმცა ამავდროულად ადრეული ხანის კინემატოგრაფიის პიონერებზე, ოგიუსტ და ლუი ლიუმიერებზე, მიანიშნებს. 

ალგორითმების წერა ჰენკეს შემოქმედებითი პრაქტიკის განუყოფელი ნაწილია, მაგრამ Lumière ლაზერის განათების მართვის აქამდე არარსებული, უნიკალური სტრუქტურის განვითარების უფრო სიღრმისეულ და ზუსტ დონეს აღწევს.

SOU Festival 2017-ის ბილეთების ყიდვა tkt.ge-ზე შეგიძლიათ. ბილეთის ფასი 10 ლარიდან 50 ლარამდე მერყეობს.

ფესტივალის სხვა შემსრულებლებზე დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ლინკზე.

კომენტარები