ჯანდაცვა

როგორ ხვდება ინდურ, ბანგლადეშურ, უნგრულ და ქართულ სუნელებში ტყვია

flickr.com

ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, ქართული სუნელების შემოწმების შედეგად მუდმივად ვლინდება ტყვიის დასაშვებზე მაღალი დონე. ამის შესახებ ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის სპიკერმა კაროლინა როდრიგესმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში განაცხადა

სუნელების ჩამონათვალი, სადაც ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის მიერ დასაშვებზე მაღალი ტყვიის შემცველობაა აღმოჩენილი:

  • ყვითელი ყვავილი და ზაფრანა
  • სვანური მარილი
  • ხარჩოს სუნელი
  • წითელი წიწაკა
  • უცხო სუნელი
  • აჯიკას სუნელი
  • საცივის სუნელები

სუნელებში ტყვიის დასაშვებზე მაღალი დონის არსებობას კატეგორიულად უარყოფს საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო. სააგენტოს მტკიცებით, სუნელების ლაბორატორიული კვლევა მუდმივად მიმდინარეობს. 

აშშ-ში საკვებში ტყვიის შემცველობა უკვე წლებია მოწმდება. მძიმე მეტალების მაღალი შემცველობის გამო სხვადასხვა წლებში სუნელების ინდოელ, ბანგლადეშელ და უნგრელ მწარმოებლებს ბაზრიდან პროდუქტების ამოღება მოუწიათ.

ბოსტონში 2010 წელს რამდენიმე ინდოელ მცირეწლოვანს ტყვიით მოწამვლის გამო ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნა. მედიკოსებმა დაადგინეს, რომ ტყვია მათ ორგანიზმში დიდი ოდენობით დაბინძურებული სუნელების მიღების შემდეგ მოხვდა. როგორც ცნობილია, ინდურ საკვებ რაციონში სუნელები დიდი დოზით შედის.

აშშ-ში საკვებ პროდუქტში ტყვიის შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 0.1 ppm-ს (0.1 ერთეულს მილიონზე). საქართველოდან ჩატანილი სანელებლების და შეზავებული სუნელების ნიმუშებში ტყვიის შემცველობა ზოგიერთ შემთხვევაში 27 000 ppm- საც კი აღწევს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) შეფასებით, ტყვიის ექსპოზიციის შედეგად განვითარებული დაავადებები შეადგენს დაავადებათა გლობალური ტვირთის 0.6%-ს. დაავადებათა ტვირთი განსაკუთრებით მაღალია განვითარებად ქვეყნებში.   

მაღალი დოზებით, ტყვიით მოწამვლა სასიკვდილოა. ტყვიით მოწამვლა ვითარდება, როდესაც ტყვია გროვდება სხეულში, თვეებისა და წლების განმავლობაში. მცირე რაოდენობით ტყვიაც კი შესაძლოა ჯანმრთელობის მძიმე პრობლემების მიზეზი გახდეს. ბავშვები 6 წლამდე, განსაკუთრებული რისკის წინაშე დგანან. მათი მენტალური და ფიზიკური განვითარება შესაძლოა შეფერხდეს ტყვიის გამო. WHO-ს მონაცემებით, ტყვიით ინტოქსიკაციის ყოველწლიური მსხევრპლთა რაოდენობა დაახლოებით 800 ათასია. 

როგორ ხვდება სუნელებში ტყვია:

ნიუ-იორკის შტატის სოფლის მეურნეობის სააგენტოსა და არიზონას შტატის ჯანდაცვის სააგენტოს მიერ მომზადებული კვლევების (კვლევა 1 PDF, კვლევა 2 PDF) მიხედვით, სუნელებში ტყვია ძირითადად საღებავიდან ხვდება. ტყვიის წყაროს წარმოადგენს ტყვიის ოქსიდი, რომელსაც მკვეთრი ფერი აქვს და მას მეწარმეები სუნელისთვის ინტენსიური ფერის მისანიჭებლად იყენებენ. ტყვიის ოქსიდი დღემდე ზოგიერთ ქვეყანაში საკვები საღებავების შემადგენლობაში შედის. ტყვიის ოქსიდი მისი ქიმიური შემაგდენლობიდან გამომდინარე ორი ძირითადი ფერის, მკვეთრი წითელი და მკვეთრი ყვითელი ფერისაა.


ფოტო: wikipedia.org

სუნელების გარდა ტყვია სხვაგანაც გვხდება:

სუნელებთან შედარებით ტყვიით მოწამვლის ბევრად დიდი რისკ-ფაქტორებია: დაბინძურებლი ჰაერი (მაგალითად ტყვიის შემცველი საწვავის წვისგან), ასევე ტყვიის შემცველი საღებავებისა და სარემონტო მასალები. ტყვია შესაძლოა ორგანიზმში უხარისხო კოსმეტიკიდან ან სამკაულებიდანაც (საყურე პირსინგი) მოხვდეს.

ბავშვებში რისკ-ფაქტორს წარმოადგენს უხარისხო სათამაშოები, რომლებიც შესაძლოა ტყვიის შემცველი საღებავებით იყოს შეღებილი. ასევე რისკის შემცველია ტყვიით დაბინძურებული სასმელი წყალი.

აშშ-ში მიჩიგანის ქალაქ ფლინტში 13 ადამიანი ემსხვერპლა ტყვიით დაბინძურებულ წყალს, რაც იაფფასიანმა ტყვიის მილებმა გამოიწვია. ასევე რისკ ფაქტორს წარმოადგენს ზოგიერთი კონსერვის ქილაც, რომელიც ტყვიისგან მზადდება.

კომენტარები