ვიზალიბერალიზაცია

უვიზო რეჟიმით 55 000-მა მოქალაქემ ისარგებლა, მათგან 3 000 საქართველოში არ დაბრუნებულა

Getty Images

2017 წლის 28 მარტიდან ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით საქართველოს 55 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა. ამ დროისთვის, მათგან საქართველოში 3 ათასი არ დაბრუნებულა. ამასთან, შს მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის თქმით, ამ ეტაპზე არ შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ მათ 90-დღიანი უვიზო რეჟიმი დაარღვიეს. ხუციშვილი აღნიშნავს, რომ შესაძლებელია, მოქალაქეების ნაწილი ისეთ ქვეყანაში გადავიდა, რომელთანაც საქართველოს ასევე უვიზო რეჟიმი აქვს. პირები, რომლებიც ქვეყანაში ჯერ კიდევ არ დაბრუნებულან, შსს-ს იდენტიფიცირებული ჰყავს. 

„შეიძლება მათგან ზოგი უკრაინაში გადავიდა, ზოგი - ბელარუსში, ზოგი - თურქეთში. ცალსახად მათზე ვერ ვიტყვით, რომ 90-დღიანი უვიზო რეჟიმის დამრღვევები არიან, მაგრამ ჩვენ ეს ხალხი ჩასმული გვყავს პოტენციურ რისკ ჯგუფში და ვუწევთ მონიტორინგს, რომელი რეგიონებიდან წავიდნენ, ვინ არიან, რა კავშირები აქვთ, პოტენციურად რა შეიძლება აინტერესებდეთ და ა.შ. ძირითადად, დიდი რისკები ჯერჯერობით არ გვქონია, ვინაიდან დიდი მასა, რაც გადის ქვეყნიდან, უკან ბრუნდება. იმ ქვეყნებიდანაც, სადაც საქართველოს მოქალაქეები ჩადიან, ჯერჯერობით სიგნალები არ გვაქვს“, - თქვა შალვა ხუციშვილმა ინტერპრესნიუსთან საუბარში და აღნიშნა, რომ ამ მონაცემებში არ შედიან ის პირები, რომლებმაც სახმელეთო საზღვრებით ისარგებლეს. 

„მაგალითად, თუ ვინმე ჩავიდა ბელარუსში, დარჩა ერთი კვირა და მერე ჩავიდა ლიტვაში, ასეთი ხალხი ამ მონაცემებში არ ხვდება“, - აღნიშნა ხუციშვილმა. 

კომენტარები