საფინანსო კომპანია საქართველო

საფინანსო კომპანია საქართველოს ხელმძღვანელებს სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მოქალაქეთა კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვისთვის შპს ,"საფინანსო კომპანია საქართველოს" დირექტორს თამაზ ლობჟანიძესა და სხვა პირებს პატიმრობა შეუფარდა. 

ბრალდების მტკიცებით, თამაზ ლობჟანიძემ, მერაბ ფერაძის ორგანიზებით, "ნაცვლად იმისა, რომ ეწარმოებინა მომგებიანი საქმიანობა, არამიზნობრივად გახარჯა მეანაბრეთა თანხები, კერძოდ, ყოველგვარი უზრუნველყოფისა და ეკონომიკური გათვლების გარეშე, გასცა სესხები როგორც თავად მერაბ ფერაძის სახელზე, ასევე მის საკუთრებაში არსებულ არამომგებიან საწარმოებზე."

საგამოძიებო სამსახურის მონაცემებით, სესხის სახით მერაბ ფერაძეზე გაიცა მეანაბრეთა მიერ შეტანილი 10 326 096 ლარი, 13 292 949 აშშ დოლარი და 796 136 ევრო, ხოლო შპს ,"განთიადზე" – 382 324 ლარი და 108 300 აშშ დოლარი.

სასამართლომ სამივე ბრალდებული დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად მ.ფ.-ს განუსაზღვრა 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, თ.ლ.-ს თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, ხოლო თ.მ.-ს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. აგრეთვე დამატებითი სასჯელის სახედ სამივე მსჯავრდებულს განესაზღვრათ თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის უფლების ჩამორთმევა.

კომპანიის საქმიანობით დაზარალებული პირები სხვადსახვა სახელმწიფო უწყებებისგან დაკარგული თანხის დაბრუნებას დღემდე მოითხოვენ.

კომენტარები