სატყეო სააგენტოს უფროსი: იმედია, დღის მეორე ნახევრამდე ხანძარი ლოკალიზებული იქნება

ლაშა ბერულავა

გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო სააგენტოს უფროსი თორნიკე გვაზავა იმედოვნებს, რომ ბორჯომის ტყეში ცეცხლის ლოკალიზება დღის მეორე ნახევარში მოხდება. 

"ბევრად უკეთესი მდგომარეობაა, ლოკალიზაციისკენ მიდის ხანძარი, მთელი ღამის განმავლობაში სოფელ ყვიბისიდან, მეორე მხრიდან კეთდებოდა მანქანების ასასვლელი და მუშაობდა მძიმე ტექნიკა. გზა უკვე გაჭრილია და დაახლოებით ათი სახანძრო მანქანა არის მობილიზებული, ვერტმფრენმა დილიდან განაახლა მუშაობა და დიდი იმედი გვაქვს, რომ დღის მეორე ნახევრამდე ლოკალიზებული იქნება ხანძარი" - თქვა გვაზავამ და აღნიშნა, რომ ცეცხლი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დამწვარ ტერიტორიას და ბუჩქნარს უკიდია.

„დაახლოებით 2 – 2,5 ჰექტარ ტერიტორიაზეა ხანძარი გავრცელებული და არა 5 ჰექტარზე, როგორც ითქვა. ძირითადად ტყის მასივი გადარჩენილია. ძველი ნახანძრალი და ბუჩქნარი დაიწვა“, - ამბობს გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო სააგენტოს უფროსი.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბაში ხანძარი 2008 წლის აგვისტოს ომში რუსი ოკუპანტების მიერ დაბომბილ ტერიტორიას გუშინ გაუჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი დაუდევრობით გაჩნდა, თუმცა, მიმდინარეობს გამოძიება.

20 საათზე მეტია, ცეცხლის ჩაქრობას 100-ზე მეტი მეხანძრე და მძიმე ტექნიკა ცდილობს. მათ მოხალისეებიც შეუერთდნენ.

კომენტარები