თბილისის საკრებულო

ნაციონალური მოძრაობა ხვალ, 14:00 საათზე თბილისის საკრებულოსთან აქციას გამართავს

rustavi2.ge

ნაციონალური მოძრაობა ხვალ, 14 საათზე თბილისის საკრებულოსთან აქციას აანონსებს. პარტია საკრებულოს მიერ პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიის ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული კომპანია "ოლდ სიტი დეველოპმენტისთვის" 1 ლარად გადაცემას შეეწინააღმდეგება. ივანიშვილის კიდევ ერთი კომპანია "თაბორი რეზორტსი" ბოტანიკური ბაღის კუთვნილი 1 ჰექტარის გადაცემასაც ითხოვს. ენმ-ის თბილისის მერობის კანდიდატის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, საკრებულოს სხდომა, სადაც ეს საკითხი უნდა გადაწყდეს, ხვალ 4 საათზეა ჩანიშნული. მერობის კანდიდატი ამბობს, რომ არ აპირებს, თბილისის ისტორიული ტერიტორია ბიძინა ივანიშვილს დაუთმოს. 

"ცოტა ხნის წინ თბილისის საკრებულომ ჩანიშნა სხდომა, სადაც ქართული ოცნების უმრავლესობა გეგმავს, საბოლოოდ დაუკანონოს ბიძინა ივანიშვილს პუშკინის სკვერის ტერიტორია და თაბორის მთაზე მდებარე ახალი კონსტიტუცია. სხდომა ხვალ არის დანიშნული 16 საათზე. დღეს მე ამ მიზნით მოვედი საკრებულოში, რათა მეკითხა, როდის გეგმავდნენ ამ სხდომის ჩანიშვნას, რათა მალულად არ მომხდარიყო საკითხის განხილვა. შემოსული არ ვიყავი შენობაში, რომ 5 წუთში დაიგზავნა მესიჯები, რომ სხდომა არის ჩანიშნული ხვალ. ჩვენ ხვალაც ველოდებით იმავეს, რაც ხდებოდა თბილისის საკრებულოში 29 სექტემბერს, როცა საკრებულო გადაავსეს პოლიციით, სუს-ით და ზონდერჯგუფებით, რათა სასწრფოდ მიეღოთ ეს გადაწყვეტილება. ანალოგიური ვითარება იქნება სავარაუდოდ ხვალაც და ეს შენობა ალბათ პოლიციით ალყაშემორტყმული დაგვხვდება, თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როცა არც ერთი ნაბიჯით არ ვაპირებთ უკან დახევას. ეს უკვე არ ეხება არც პოლიტიკას და არც არჩევნებს, ეს ეხება ჩვენს საერთო სახლს, ჩვენს თბილისს. ჩვენ არ ვგეგვამთ, ერთ ლარად გადავცეთ ქალაქის ისტორიული ნაწილი ბიძინა ივანიშვილს და დავუკანონოთ ახალი ტერიტორიები თაბორის მთაზე. ეს ბრძოლა ნამდვილად იქნება ბოლომდე, ჩვენ არ ვაპირებთ არაფრის დათმობას, ვინაიდან საქმე ეხება ჩვენ ქალაქს და ამ ბრძოლაში თბილისი არის მართალი. ასე რომ, ხვალ ყველას 2 საათზე გელოდებით თბილისის საკრებულოსთან, ერთად დავიცვათ ეს ქალაქი მტაცებელი ივანიშვილისგან და ერთად დავიტოვოთ ის ტერიტორიები, რომლებიც ამ ქალაქისთვის არის უმნიშვნელოვანესი", - თქვა უდუმაშვილმა

თბილისის საკრებულო აღნიშნული საკითხის დამტკიცებას 29 სექტემბრის სხდომაზე გეგმავდა, თუმცა ოპოზიციისა და აქტივისტების პროტესტის გამო საკითხის განხილვა გადაიდო. თუმცა, 2 კვირის წინ თბილისის საკრებულომ მაინც შეძლო, მხარი დაეჭირა პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთის სტატუსის ცვლილებისთვის, რაც ამ ტერიტორიის გასხვისებისთვის აუცილებელი პროცედურა იყო. 

კომენტარები