ვიქტორ დოლიძე

დოლიძე ოპოზიციის მოთხოვნაზე: მთავრობა ასე ახლოს არასდროს ყოფილა პარლამენტთან

ტაბულა

ევროინტეგრაციის მინისტრის ვიქტორ დოლიძის თქმით, მთავრობას პარლამენტისთვის "თანამშრომლობის ხელი გაწვდილი აქვს". დოლიძემ ტაბულას კითხვას, რატომ არ მიდიან მთავრობის წევრები პარლამენტის სხდომაზე, მაშინ როცა ევალებათ, ოპოზიციის მოთხოვნის შესაბამისად გამოცხადნენ საკანონმდებლო ორგანოში, უპასუხა, რომ ეს განცხადებები არასწორია.

"მთავრობა არასდროს არ ყოფილა ასე ახლოს პარლამენტთან. თანამშრომლობის ხელი გაწვდილი გვაქვს, როგორც არასდროს."- განაცხადა მან. 

ნათქვამის დასადასტურებლად კი, დოლიძემ საგარეო საქმეთა მინისტრისა და ვიცე-პრემიერის პარლამენტში ვიზიტი მოიყვანა.

"მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ გვაქვს აღებული პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ვაკეთებთ ამას და მომავალშიც იგივეს უცვლელად გავაგრძელებთ" - აღნიშნა დოლიძემ.

ვიქტორ დოლიძის თქმით, ამგვარი თანამშრომლობა, რაც ბოლო 5 წლის მანძილზე მთავრობასა და პარლამენტს შორის არსებობს, მას არ ახსოვს.

"ალბათ, თქვენც გახსოვთ ყველას ერთად კარგად თუ რა ხდებოდა მანამდე, 2012 წლამდე, რა სახის "თანამშრომლობა" იყო პარლამენტსა და მთავრობას შორის."-განაცხადა დოლიძემ.

ცნობისთვის, ევროპული საქართველო პრემიერმინისტრს მიმართავს, დაავალოს მთავრობის წევრებს, გამოცხადდნენ პარლამენტში ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხების განხილვისას. საპარლამენტო უმცირესობა მიუთითებს, რომ მთავრობას ამის ვალდებულება აქვს.

კომენტარები