ვიქტორ დოლიძე

ვიქტორ დოლიძე ჟენევაში გაეროს განყოფილებებში მუდმივ წარმომადგენლად ინიშნება

ტაბულა

ვიქტორ დოლიძე ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი იქნება. კვირიკაშვილის შესაბამის განკარგულება პრეზიდენტ მარგველაშვილთან უკვე გადაგზავნილია. 

ვიქტორ დოლიძე ამ დრომდე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას იკავებს. თუმცა, მთავრობაში დაგეგმილი საკადრო და სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, სამინისტრო უქმდება და საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტი ხდება. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დოლიძეს 2007 წელს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი მიენიჭა, 2012 წელს კი საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა.  2005-2009 წლებში გახლდათ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი  ავსტრიისა და უნგრეთის რესპუბლიკებში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ეუთოსა და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და საქართველოს დიპლომატიურ მისიებში საზღვარგარეთ. 2004-2005 წლებში ასევე გახლდათ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს საერთაშორისო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი.

კომენტარები