შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერაზე მომხდარი ჩხუბისას განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2001 წელს დაბადებული გ.ბ. დააკავა.
გამოძიების ინფორმაციით, სწორედ მან დაჭრა მოზარდი, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ამოღებული ნივთმტკიცება - დანა.
რაც შეეხება მეორე დაჭრილს, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში 2 დეკემბერს გარდაიცვალა, დადგენილია სავარაუდო დამნაშავე და მის დასაკავებლად შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს.
"1 დეკემბერს თბილისში, აკ. ხორავას ქუჩაზე, ერთ-ერთ ეზოში, მოზარდებს შორის დაწყებული შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც გ.ბ.-მ არასრულწლოვან ლ.დ.-ს დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ლ.დ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა გ.ბ. ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. რაც შეეხება, ამავე შემთხვევის დროს, არასრულწლოვანი დ.ს.-ს დაჭრის ფაქტს, ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღეს გარდაიცვალა. დადგენილია სავარაუდო დამნაშავე, რომლის დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები“, - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლით).