ცვლილებები მაუწყებლობის შესახებ კანონში

GPB პრეზიდენტს: მზად ვართ, პირადად შეგხვდეთ, შერეული ფორმატი ჩვენთვის მიუღებელია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელმა საბჭომ პრეზიდენტის შეთავაზებაზე, მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან გაერთიანებული შეხვედრა მოეწყოს, უპასუხა, რომ ისინი მზად არიან პირადად შეხვდნენ გიორგი მარგველაშვილს და მათ "დეტალურად განუმარტონ მაუწყებლის პოზიცია და არგუმენტები", თუმცა სხვა ჯგუფებთან გაერთიანებული შეხვედრისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ.

"კანონპროექტის მომზადებისა და საპარლამენტო განხილვის პერიოდში ჩვენ მუდმივად ვხვდებოდით ყველა დაინტერესებულ პირსა თუ ჯგუფს და ვუხსნიდით ჩვენს პოზიციას. მხოლოდ მივესალმებით, რომ პრეზიდენტი დაინტერესდა საზოგადოებრივი მაუწყებლით და მზად ვართ, მას ვესაუბროთ ჩვენს პრობლემებზე, გამოწვევებზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის გაძლიერების გზებზე. მხოლოდ ასეთი შეხვედრის შემდეგ, თუ ბატონ პრეზიდენტს კიდევ დარჩება კითხვები საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, მზად ვიქნებით, ვისაუბროთ შეხვედრის სხვა ფორმატზე.

მანამდე კი ნებისმიერ შერეულ ფორმატში მონაწილეობა ჩვენთვის მიუღებელია, რადგან, ჩვენი აზრით, ასეთი ფორმატი არ იძლევა საკითხში გარკვევის რეალურ შესაძლებლობას და შედეგისთვის მხოლოდ საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს. იმის გამო, რომ გარკვეული ჯგუფები ცდილობენ, განზრახ არასწორად განმარტონ კანონის კონკრეტული მუხლები და სრულად დაამახინჯონ კანონის ზოგადი სულისკვეთება, მათთან კამათი მიუღებლად მიგვაჩნია ჩვენი პრინციპებიდან და მაუწყებლის ინტერესებიდან გამომდინარე.

იმის გამო, რომ საკანონმდებლო ცვლილებები უშუალოდ შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს, ჩვენ ველოდებით, რომ ბატონი პრეზიდენტი დათანხმდება შეხვედრის ჩვენ მიერ შეთავაზებულ ფორმატს და გულწრფელად შეეცდება, გაერკვეს "პირველი არხის" წინაშე მდგარ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელთა გადაჭრა საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე შეუძლებელია," - წერია საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღეს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ მაუწყებლობის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით, მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის გაფართოებული შეხვედრა უნდა შედგეს.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის თქმით, პრეზიდენტი ყველა იმ ადამიანს შეხვდება, ვისაც აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით კითხვები ექნება, რადგან საქმე ეხება ძალიან მნიშვნელოვან საზოგადოებრივ სიკეთეს.

"გამოითქვა საზოგადოებაში ძალიან ბევრი შენიშვნა და კრიტიკული მოსაზრება, ამიტომ, პრეზიდენტი აპირებს, რომ შეხვდეს იმ მხარეებს, რომელთაც გამოთქმული აქვთ ეს მოსაზრებები, ეს იქნება მედიის, საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლები, რათა ჩამოვყალიბდეთ იმ კრიტიკულ ასპექტებზე ან შეიძლება ნაკლებად კრიტიკულ ასპექტებზე, რომლებიც ეხება ამ ცვლილებებს," - ამბობს ანა დოლიძე.

მაუწყებლობის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტმა კენჭი 14 დეკემბერს უყარა და 85-ით 6-ის წინააღმდეგ ის მეორე მოსმენით მიიღო. მანამდე კი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა აღნიშნულ ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა. 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია მიიჩნევენ, რომ ეს კანონპროექტი გამჭვირვალე მმართველობასთან წინააღმდეგობაში მოდის.

კომენტარები