ჩაწყობილი თამაშები

ჩაწყობილი თამაშების საქმე - სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს

კალათბურთის მწვრთნელებისა და მსაჯებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში იწყება. 

სავარაუდოდ, იმ ბრალდებულების მიმართ, რომლებიც დანაშაულს აღიარებენ, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით 10 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვს, ხოლო მათ მიმართ, ვინც დანაშაულს არ აღიარებს, ბრალდება პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობას დააყენებს. 

კალათბურთის მწვრთნელები და მსაჯები, სულ 5 ადამიანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე გუშინ დააკავა. სუს-ის განცხადებით, დაკავებულები არიან საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები - ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბე​რიშვილი და დავით ბერიშვილი, ასევე საკალათბურთო კლუბ „სოხუმი“-ს მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი თემურ დათიკაშვილი. უწყების ინფორმაციით, დაკავებულები თანხის სანაცვლოდ, საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის „სუპერლიგის“ სხვადასხვა მატჩებში სასურველ შედეგებს აფიქსირებდნენ.

ადვოკატების თქმით, ბრალს დაკავებული მსაჯები, ირაკლი და დავით ბერიშვილები აღიარებენ და გამოძიებასთან თანამშრომლობენ, ვაჟა კვარაცხელია და თემურ დათიკაშვილი კი უარყოფენ. 

"კონკრეტულ თამაშებთან დაკავშირებით გაურიგდა კონკრეტულ პირებს, რაშიც აიღო გარკვეული თანხა და ხელი შეუწყო იმ პიროვნებისთვის სასურველი შედეგის დადგომას", - ამბობს ბერიშვილების ადვოკატი იასონ ბესელია. 

ვაჟა კვარაცხელიას და თემურ დათიკაშვილის ადვოკატის, თამარ აბესაძის თქმით კი ბრალდებულები "თავს დამნაშვედ არ გრძნობენ, გამოძებას კი ჩვენებას მას შემდეგ მისცემენ, რაც საქმის მასალები ჩაბარდებათ". 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 4 დან 6 პატიმრობა ექმურებათ.

კომენტარები