ჩაწყობილი თამაშები

ე.წ ჩაწყობილი თამაშების საქმეზე დაკავებულთა ნაწილი ბრალს აღიარებს

კალათბურთის დაკავებული მსაჯები, ირაკლი და დავით ბერიშვილები წარდგენილ ბრალს აღიარებენ. ამის შესახებ მათმა ადვოკატმა, იასონ ბესელიამ თქვა. მისივე თქმით, დაკავებულები გამოძიებასთანაც ითანაშრომლებენ. ადვოკატისვე ცნობით, ირაკლი და დავით ბერიშვილებს ამ წუთებში სუს-ში კითხავენ, ბრალს კი დღეს ან ხვალ წარუდგენენ. 

”ედავებიან იმას, რომ გარკვეული თამაშების ჩაწყობის სანაცვლოდ მათ აიღეს ანაზღაურება. ისინი აცხადებენ, რომ გარკვეული თანხა აიღეს. აღიარებენ დანაშაულს, კი. ისინი დამოუკიდებლად, რა თქმა უნდა, არ მოქმედებდნენ და გამოძიება ამას დაადგენს. საუბარია დაახლოებით ერთ-ორ თამაშზე",- თქვა ბესელიამ.

კიდევ ერთი დაკავებულის, თემურ დათიკაშვილის ადვოკატი, თამარ აბესაძე კი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშულს არ აღიარებს. 

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, რომელიც არის ძალიან შეწუხებული ყოველივეთი, არ აღიარებს რასაც ბრალდების მხარე ედავება, კომერციულ მოსყიდვას. რა თქმა უნდა, არ აიღო [ფული], ან რომელ თანხაზეა საუბარი", -ამბობს ადვოკატი. 

სახელმწიფო უსაფრთხოების ანტიკორუფციულმა სააგენტომ ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საკალათბურთო გუნდების მწვრთნელები და მსაჯები დააკავა.სუს-ის განცხადებით, დაკავებულები არიან საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები -ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი და დავით ბერიშვილი, ასევე საკალათბურთო კლუბ „სოხუმი“-ს მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი თემურ დათიკაშვილი. უწყების ინფორმაციით, დაკავებულები თანხის სანაცვლოდ, საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის „სუპერლიგის“ სხვადასხვა მატჩებში სასურველ შედეგებს აფიქსირებდნენ.

კომენტარები