გიორგი გახარია

გახარია: თუ პოლიციის გადაცდომა დადასტურდა, დაისჯებიან, რატიანსაც მოუწევს ახსნა

ტვ იმედი

იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტი, ისინი დაისჯებიან, თუმცა რატიანსაც მოუწევს ახსნა-განმარტებების გაკეთება - ეს პოეტ ზვიად რატიანის საქმეზე შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი კომენტარია. გიორგი გახარიამ ტელეკომპანია იმედის ეთერში თქვა, რომ ეს მკაცრი, მაგრამ სამართლიანი და ობიექტური მიდგომაა. 

"ეს სამწუხარო ფაქტია. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტი, ამას დეტალურად გამოიძიებს პროკურატურა და თითოეული პოლიციელი აგებს პასუხს, თუმცა, ამავე დროს, ზვიად რატიანსაც მოუწევს სასამართლოს წინაშე წარდგომა და ახსნა-განმარტების გაკეთება ან თავის დაცვა, იყო თუ არა მისი მხრიდან პოლიციელის შეურაცხყოფა ან წინააღმდეგობის გაწევა. ჩვენთვის ეს არის მკაცრი და სამართლიანი, ამავე დროს, ობიექტური მიდგომა. 

ვფიქრობ, რომ მოვიდა დრო, რომ ჩვენ ამ სტიგმიდან, როდესაც სუბიექტურად თუ ობიექტურად ერთმნიშვნელოვნად ვადანაშაულებთ მოქალაქეს ან პოლიციელს, არ არის სწორი. ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯი ერთმანეთის მიმართულებით. უნდა მივცეთ საშუალება სასამართლოს და პროკურატურას, დეტალურად განიხილონ ეს საკითხები. 

ჩვენ ვფიქრობთ და დარწმუნებული ვართ, ის ადამიანები, რომლებიც დღეს ზვიად რატიანის პოზიციას იცავენ, ის ადამიანები არიან, ვინც ჩვენ აუცილებლად გვჭირდება იმ რეფორმების გასატარებლად, რომელიც მომავლისთვის გვაქვს დაგეგმილი. ამ ადამიანების მხარდაჭერის და საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე ამ რეფორმების გატარება უბრალოდ რთული იქნება. ჩვენ ვცდილობთ და ვპირდებით ყველას, რომ ვიქნებით მაქსიმალურად გახსნილები, თუმცა ობიექტურობა იქნება ჩვენი ძირითადი პრინციპი“, - თქვა გახარიამ.

პოეტ ზვიად რატიანს პოლიციელებმა გუშინ დააკავეს და სცემეს, დღეს კი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. რატიანის თქმით, სამართლადამცავების გაღიზიანება მისი ქურთუკის ფერმა გამოიწვია. ის გააჩერეს, შემდეგ კი განყოფილებაში გადაიყვანეს და რამდენჯერმე სცემეს. მას დაკავებისას ნარინჯისფერი ქურთუკი ეცვა. 

მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რატიანმა გაუწია წინააღმდეგობა პოლიციას და მათ უცენზურო გამონათქვამებით მიმართა. შსს-ის განცხადება და საქმის დეტალები წაიკითხეთ აქ.

კომენტარები