საახალწლო მილოცვა

ილია II: წარსული წელი იყო მძიმე, მაგრამ ღვთის მადლით დავძლიეთ

wp

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე საახალწლო მილოცვაში ამბობს, რომ 2017 წელი ქვეყნისთვის იყო მძიმე, მაგრამ ის "ღვთის მადლით დაძლეულია." ილია მეორე საახალწლო მილოცვაში ყურადღებას ამახვილებს ბავშვების აღზრდაზეც და ამბობს, რომ "ბავშვები ქუჩაში არ უნდა იზრდებოდნენ," ქუჩაში აღზრდის "შედეგები კი სათანადოა."

ილია მეორეს მილოცვის სრული ტექსტი

"ქრისტესმიერ სიყვარულით ყველას მოგესალმებით და გილოცავთ ახალ წელს. ჩვენ შეჩვეული ვართ, როდესაც ვადარებთ წარსულს და მომავალს. წარსული წელი იყო მძიმე, მაგრამ ღვთის მადლით დავძლიეთ ეს წელი. სიყვარულით მივესალმები, ვულოცავ ახალ წელს მკვიდრთა საქართველოისათა-ქართველებს, აფხაზებს, ოსებს, ბერძნებს, რუსებს, სომხებს, აზერბაიჯანელებს და ყველას ვინც არის საქართველოში. 

დღეს ჩვენ ვუსურვებთ ყველას ბედნიერებას, მაგრამ არ გვესმის რა არის ბედნიერება და რაშია ბედნიერება. ბედნიერება ის არის, როდესაც ადამიანი კმაყოფილია სულიერად და მატერიალურად, როდესაც დალოცვილია ღვთისაგან და თავისი მშობლებისაგან. ეს უნდა გვახსოვდეს ყველას, რომ მშობლების დალოცვა არის ღვთის დალოცვა და ბიბლიაში სწერია - პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა. 

ბედნიერია ის ადამიანი, რომელსაც უნარი შესწევს აპატიოს შეცდომები სხვა ადამიანს. როდესაც ადამიანი გრძნობს თავის დანაშაულს და მოინანიებს - ჰე უფალო მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩემისა. 

ხშირი შემთხვევაა, როდესაც ადამიანი განიკითხავს სხვას და ის ცოდვები, რომელიც მას ჩაუდენია, გადმოდის იმაზე ვინც განიკითხავს.

დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს შვილებს, ბავშვებს. ხშირი შემთხვევაა როდესაც ბავშვები იზრდებიან ქუჩაში, შედეგებიც სათანადოა. 

კიდევ ერთხელ მოგესალმებით და გისურვებთ სიმშვიდეს. სიმშვიდემ უნდა დაისადგუროს თქვენს გულში და გონებაში. იყავით ბედნიერი. ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო", - ამბობს ილია მეორე.

კომენტარები