აშშ-პაკისტანი

ტრამპი: აშშ პაკისტანის დახმარების სანაცვლოდ ტყუილებს იღებს, ეს აღარ გაგრძელდება

AP

გაეროში აშშ-ის ელჩმა, ნიკი ჰეილიმ პაკისტანი "წლების მანძილზე ორმაგ თამაშში" დაადანაშაულა და დაადასტურა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ქვეყანას 255 მილიონ დოლარიან დახმარებას შეუჩერებს.

"ხანდახან ჩვენთან თანამშრომლობენ და ამასთანავე იფარებენ ტერორისტებს, რომლებიც ჩვენს ჯარისკაცებს ესხმიან თავს ავღანეთში. ეს თამაში ადმინისტრაციისათვის მისაღები არ არის." განაცხადა ჰეილიმ.

ჰეილის თქმით თეთრი სახლი პაკისტანის მთავრობისაგან ტერორიზმთან ბრძოლაში მეტ თანამშრომლობას მოელის. ნიკი ჰეილის კომენტარს გაეროში პაკისტანის ელჩი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მის ქვეყანას საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში ყველაზე დიდი წვლილი შეაქვს და რომ აშშ მათ ბრალს უსამართლოდ სდებს.

"ჩვენ შეგვიძლია გადავაფასოთ თანამშრომლობა, თუ ის დაფასებული არ იქნება. პაკისტანის თანამშრომლობა არა დახმარების მიღებაზე, არამედ ეროვნულ ინტერესებზე და პრინციპებზეა დაფუძნებული" განაცხადა მან.

ჰეილის კომენტარი ერთი დღის წინ დონალდ ტრამპის მიერ პაკისტანის დადანაშაულებას მოჰყვა. ტრამპმა ქვეყანას აშშ-ის მოტყუებაში დასდო ბრალი, მიუხედავად იმისა, რომ ისინი აშშ-საგან მილიონობით დოლარის დახმარებას იღებენ.

დონალდ ტრამპმა ამის შესახებ საკუთარ Twitter-ზე დაწერა.

"აშშ სულელურად აძლევდა პაკისტანს 33 მილიარდ დოლარზე მეტს დახმარების სახით ბოლო 15 წლის მანძილზე. მათ ჩვენთვის სანაცვლოდ ტყუილების და ღალატის მეტი არაფერი გამოუციათ და ჩვენს ლიდერებს სულელებად მიიჩნევდნენ. ისინი იფარებენ იმ ტერორისტებს, ვისზეც ჩვენ ავღანეთში ვნადირობთ მცირე დახმარებით. ეს არ გაგრძელდება!"

პაკისტანის მთავრობა აშშ-ის ლიდერების განცხადებებს გამოეხმაურა და "ყოვლად გაუგებარი" უწოდა. მათი თქმით ამ განცხადებებს ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაფუჭება შეუძლიათ.

კომენტარები