თბილისის ბაგა-ბაღები

შენობების ავარიულობის გამო, თბილისში სამი ბაგა-ბაღის ფუნქციონირება შეწყდა

დღეს დილიდან, თბილისის N19, N84 და N125 საბავშვო ბაგა-ბაღების ფუნქციონირება შეწყდა. ბაგა-ბაღების სააგენტო მიზეზად შენობების არადამაკმაყოფილებელ ტექნიკურ მდგომარეობას ასახელებს. სააგენტოს ინფორმაციით, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სპეციალისტების დასკვნით, ამ ვითარებაში შენობების ექსპლუატაცია მიზანშეწონილი არ არის.

"თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტომ საბავშვო ბაღების მონიტორინგი დაიწყო და ყველა შენობის კონსტრუქციული მდგრადობის საკითხი შეისწავლა, ბოლო 4 წლის მანძილზე აშენებული ბაღების გამოკლებით. ამ ეტაპზე, კვლევა ჩაუტარდა ყველა იმ შენობას, რომელთა მდგომარეობა, ერთი შეხედვით, იწვევდა ეჭვს მათი ავარიულობის თაობაზე. შენობები ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტებმა შეისწავლეს.

ექსპერტიზის შედეგების მიხედვით, N125, N19 და N84 საბავშვო ბაგა-ბაღების ტექნიკური მდგომარეობა შეფასდა როგორც არადამაკმაყოფილებელი. ექსპერტების დასკვნით, საჭიროა, შენობებს ჩაუტარდეს გამაგრება-გაძლიერებითი და სხვა თანმდევი სამუშაოები, არსებული მდგომარეობით კი, ბაღების ექსპლუატაცია მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული" - ნათქვამია ბაგა-ბაღების სააგენტოს განცხადებაში.

დედაქალაქის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, სამივე საჯარო ბაღში სააღმზრდელო პროცესი დაუყოვნებლივ შეაჩეროს. 

29 იანვრიდან, N19, N84 და N125 ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელები რაიონში არსებულ სხვა საბავშვო ბაღებში გადანაწილდებიან. პარალელურად, დაიწყება შენობების სარეკონსტრუქციო სამუშაოები.

კომენტარები