მანდატურის სამსახურის რეფორმა

მეზვრიშვილი: მანდატურის სამსახურის რეფორმის მიზანი სკოლაში პოლიციის შესვლა არაა

შსს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის თქმით, მანდატურის სამსახურის რეფორმირებასთან დაკავშირებული კანონპროექტის მიზანი სკოლაში პოლიციის შესვლა არ არის. 

"ამ კანონპროექტის მიზანი სკოლაში პოლიციის შესვლა არ არის. ეს არ მოხდება არავითარ შემთხვევაში, ამას არ დავუშვებთ. ამ კანონპროექტის არცერთი დებულება ამას არ ითვალისწინებს. გარკვეული შიშები იყო იმასთან დაკავშირებით, რომ მანდატურის სამსახური ძველ ფუნქციებს უბრუნდება. მანდატურის სამსახური მის ძველ ფუნქციებს არ უბრუნდება, თუმცა მანდატური იმაზე უფრო დამოუკიდებელი და მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ხდება, ვიდრე დღესაა. მანდატურის სამსახურის უფროსი განათლების მინისტრის მიერ დაინიშნება. მანდატური კი არა სკოლის დირექტორის, არამედ მანდატურის სამსახურის უფროსის მიერ დაინიშნება, რითაც მანდატური მთლიანად დაექვემდებარება და ანგარიშვალდებული მანდატურის სამსახურის წინაშე იქნება." - ამბობს მეზვრიშვილი.

შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტროებმა დღეს ზოგადი განათლების შესახაბ კანონში შესატანი ცვლილებები წარადგინეს. ცვლილებების მიზანი მანდატურის სამსახურის რეფორმირებაა. ცვილებები შეეხება, როგორც სკოლებში მანდატურების დანიშვნის წესს ასევე, მათ უფლება-მოვალეობებს. 

მანდატური თანამდებობაზე დაინიშნება არა სკოლის დირექტორის, არამედ მანდატურის სამსახურის უფროსის მიერ. ასევე მანდატური შეიძლება გახდეს მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირი და ასაკი აიწევს 21 წლამდე. 

ასევე, "სკოლაში მოსწავლეთა შორის კონფლიქტის განეიტრალების და სკოლის გარეთ კონფლიქტის გაგრძელების პრევენციის მიზნით, მანდატურს ექნება მოზარდის შეყოვნების და მშობლისთვის და სამართალდარღვევის შემთხვევაში, პოლიციისთვის დაუყოვნებლივ შეტყობინების ვალდებულება."

ახალი კანონპროექტით, სკოლის გარე და შიდა პერიმეტრზე ვიდეო კამერების დამონტაჟება სავალდებულო გახდება

მანდატურების სამსახურის რეფორმირებასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს უახლოეს დღეებში წარედგინება.

 

კომენტარები