პატიმართა წამების საქმე

პატიმართა წამებაში ბრალდებული 7 პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო

facebook.com/pages/თბილისის-საქალაქო-სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების პატიმართა წამებაში, დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული ამავე დაწესებულების შვიდი ყოფილი თანამშრომელი დამნაშავედ ცნო.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.

"სასამართლო განხილვით დადგინდა, რომ 2011-2012 წლებში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში მუშაობის პერიოდში, პატიმართა დაშინებისა და უსიტყვო მორჩილების მიზნით, ამავე დაწესებულების თანამშრომლების ო.ფ.-ს, ნ.მ.-ს, მ.ღ.-ს, ზ.ხ.-ს, ვ.გ.-ს, დ.ჩ.-ს და დ.ნ.-ს მხრიდან ადგილი ჰქონდა პატიმართა დამცირებას და არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას.

ხსენებული პირები N8 დაწესებულებაში შესახლებისას, ძალადობრივი მეთოდებით უსწორდებოდნენ განურჩევლად ყველა პატიმარს, აყენებდნენ მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ხოლო შემდგომ პერიოდშიც ამავე პატიმართა მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას ჰქონდა სისტემატიური ხასიათი, რისი მიზანიც იყო მათი უსიტყვო მორჩილება.

მსჯავრდებულთა ქმედებების შედეგად პატიმრებს უკანონოდ შეზღუდული ჰქონდათ გასეირნების, სატელეფონო საუბრებისა და მიმოწერის უფლება. არ ჰქონდათ სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა, მათ ასევე შეზღუდული ჰქონდათ ძილისთვის და დასვენებისთვის განკუთვნილი დრო. გარდა აღნიშნულისა, პატიმრებს აიძულებდნენ თანხმობა განეცხადებინათ სასჯელაღსრულების ადმინისტრაციასთან ფარულ თანამშრომლობაზე", - აცხადებენ პროკურატურაში.

მათივე ინფორმაციით, ასევე დადგინდა, რომ მსჯავრდებულებს პატიმრები ხშირად თვითნებურად გაჰყავდათ საკნიდან და აბანოში ხელკეტებისა და სხვადასხვა საგნების გამოყენებით, ფიზიკურად უსწორდებოდნენ.

"გარდა ამისა, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ო.ფ.-მ და მ.ღ.-მ განახორციელეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების ერთ-ერთი პატიმრის წამება, რომელმაც თავისი ხასიათით, ინტენსივობითა და ხანგრძლივობით გამორჩეული ძალადობის შედეგად განიცადა მძიმე ფიზიკური ტკივილი, ფსიქოლოგიური და მორალური ტანჯვა", - აცხადებენ პროკურატურაში.

მათივე ინფორმაციით, სასამართლო განხილვისას დაიკითხა 50-მდე ყოფილი მსჯავრდებული, რომლებიც სხვადასხვა დროს განთავსებული იყვნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში და "მათგან აბსოლუტური უმრავლესობა წლების განმავლობაში იყო ძალადობის მსხვერპლი. გარდა ამისა, პროკურატურა აღნიშნავს, რომ გამოკვლეულ იქნა ორ ათეულ ტომად წარდგენილი სისხლის სამართლის საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებები და ვიდეომასალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, სასჯელის სახედ და ზომად  ზაზა ხ.-ს, ნუგზარ მ.-ს, დავით ნ.-ს, დავით ჩ.-სა და ვახტანგ გ.-ს "ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის" გამოყენებით, საბოლოოდ 3 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. მალხაზ ღ.-ს "ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონისა" და სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ 6 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, ხოლო ოლეგ ფ.-ს "ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონისა" და სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ოლეგ ფ.-ს მიმართ დანიშნული სასჯელი შთანთქა 2017 წლის, 18 იანვრის განჩინებით განსაზღვრულმა  სასჯელმა და მას საბოლოოდ, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

კომენტარები