ვალენტინობა

10 რომანტიკული კომედია, რომელსაც ამ ვალენტინობაზე უნდა უყუროთ

Notting Hill - ნოთინგ ჰილი (1999)

როლებში: ჯულია რობერტსი, ჰიუ გრანტი

ვილიამ თაკერი ლონდონში, ნოთინგ ჰილზე მდებარე წიგნების მაღაზიის მორიდებული მფლობელია. მისი ცხოვრება იცვლება მას შემდეგ, რაც მის მაღაზიაში ცნობილი კინოვარსკვლავი შედის. ფილმი მათი რომანის შესახებ მოგვითხრობს. ნოთინგ ჰილი ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე სამ ნომინაციაში იყო წარდგენილი და ბევრი სხვა ჯილდოც აქვს აღებული.

ANNIE HALL - ენი ჰოლი (1977)



როლებში: ვუდი ალენი, დაიან კიტონი

ვუდი ალენის ეს ფილმი 4 ოსკარის მფლობელია. ფილმის მთავარი გმირი, ელვი სინგერი, ნიუ-იორკელი კომიკოსია. ფილმში ის საკუთარი ცხოვრების და ურთიერთობების შესახებ იუმორითა და ირონიით მოგვითხრობს. სინგერი ასევე სკეპტიკურად აანალიზებს საკუთარ უკანასკნელ ურთიერთობას ენი ჰოლთან.
 

SILVER LININGS PLAYBOOK - ვერცხლისფერი პიესები (2012)



როლებში: ბრედლი კუპერი, ჯენიფერ ლოურენსი, რობერტ დე ნირო

ამ ოსკაროსანი ფილმის მთავარი გმირი კარგავს მეუღლესა და სამსახურს. იგი იძულებითი მკურნალობის შემდეგ ფსიქიატრიული დაწესებულებიდან თავისუფლდება, საცხოვრებლად მშობლებთან გადადის და ცდილობს, ძველებურ ცხოვრებას დაუბრუნდეს. ყველაფერი მას შემდეგ იცვლება, რაც ის არანაკლები პრობლემების მქონე ტიფანის გაიცნობს.

ფილმი კრიტიკოსების მიერ მთელ მსოფლიოში არის აღიარებული. მან სხვადასხვა ფესტივალების ფარგლებში 145 ნომინაცია და 89 გამარჯვება მოიპოვა.

High Fidelity - უმაღლესი ერთგულება (2000)



როლებში: ჯონ ქიუსაქი, ჯეკ ბლეკი, იბენ იეილე

რობი მუსიკალური ფირფიტების წარუმატებელი მაღაზიის მფლობელია. მას შემდეგ, რაც მთავარ გმირს შეყვარებული მიატოვებს, იგი წარსულ ურთიერთობებს იხსენებს და ცდილობს გაიგოს, სად დაუშვა შეცდომა.

500 Days of Summer - სამერის 500 დღე (2009)



როლებში: ჯოზეფ გორდონ–ლევიტი, ზოუი დეშანელი

"ეს არ არის სასიყვარულო ისტორია. ეს არის ისტორია სიყვარულზე."

ტომს სამერი თავდავიწყებით უყვარდება. სამერს საერთოდ არ სწამს სიყვარულის და ურთიერთობებზე ტომისგან რადიკალურად განსხვავებული აზრი აქვს. ფილმის განმავლობაში ვხედავთ, როგორ იცვლება მათი ურთიერთობა ერთად გატარებული 500 დღის განმავლობაში.

სამერის 500 დღე განსხვავდება სტანდარტული რომანტიკული კომედიებისგან, ის ურთიერთობებს სხვანაირი, უფრო რეალური კუთხით გვაჩვენებს. ფილმი საინტერესო რეჟისორული ხერხებით და მუსიკითაც გამოირჩევა.

CRAZY, STUPID, LOVE. - სულელი, უაზრო, სიყვარული. (2011)

როლებში: სთივ ქარელი, რაიან გოსლინგი, ჯულიანა მური, ემა სტოუნი

40 წლის კალ ვივერის ერთი შეხედვით იდეალური ცხოვრება თავდაყირა დგება, როდესაც ის გაიგებს, რომ ცოლმა უღალატა. მეუღლესთან გაშორების შემდეგ, კალი ახალგაზრდა ჯეიკობს უმეგობრდება, რომელიც მას გოგონებთან მოქცევას ასწავლის.

BRIDGET JONES'S DIARY - ბრიჯიტ ჯონსის დღიური (2001)

როლებში: რენე ზელვეგერი, კოლინ ფერტი, ჰიუ გრანტი

ახალი წლის დასაწისში ბრიჯიტ ჯონსი გადაწყვეტს საკუთარი ცხოვრება შეცვალოს და დღიურის წერა დაიწყოს. ფილმი ბრიჯიტის სასიყვარულო ისტორიებზე, მიღწევებზე, გამარჯვებებსა და მავნე ჩვევებზე მოგვითხრობს.

Music & Lyrics - მუსიკა და ლირიკა (2007)


როლებში: ჰიუ გრანტი, დრიუ ბერიმორი


80-იანი წლების პოპ-ვარსკვლავს, ალექს ფლეტჩერს შანსი აქვს დაბრუნდეს სცენაზე, როდესაც ახალი ვარსკვლავი კოლაბორაციას სთავაზობს. სიმღერის წერის პროცესში, ალექსი ამჩნევს რომ მის მცენარეების მომვლელს, სოფის, ტექსტის წერა ეხერხება. ამის შემდეგ, ალექსი და სოფი ახალი ჰიტის შექმნას ერთად ცდილობენ.
 

Pretty Woman - ლამაზმანი (1990)



როლებში: რიჩარდ გირი, ჯულია რობერტსი

ფილმი სექს-მუშაკისა და მილიონერი კლიენტის სასიყვარულო ურთიერთობაზე მოგვითხრობს. წყვილი ხვდება, რომ ისინი სხვადასხვა სამყაროში ცხოვრობენ და ერთად ყოფნისთვის უამრავი დაბრკოლების გადალახვა მოუწევთ.

When Harry Met Sally - როდესაც ჰარი შეხვდა სალის (1989)

როლებში: მეგ რაიანი, ბილი კრისტალი

ჰარი და სალი ჩიკაგოდან ნიუ-იორკისკენ ერთად მიემგზავრებიან და კამათობენ იმის შესახებ, შეიძლება თუ არა, რომ გოგოს და ბიჭს მხოლოდ მეგობრობა, პლატონური ურთიერთობა აკავშირებდეთ. წლების შემდეგ, ჰარი და სალი ერთმანეთს კვლავ ხვდებიან. ფილმი მათი ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობს.

კომენტარები