საგადასახადო შეღავათები

ბაქრაძე: მთავრობას მოუხდა სწორედ იმ ნაბიჯების გადადგმა, რაც 2017 წელს წარვადგინეთ

ტაბულა

"გადასახადების შემცირება არის ევროპული საქართველოს ეკონომიკური პროგრამის მთავარი საკითხი. მთავრობას მოუხდა სწორედ იმ ნაბიჯების გადადგმა, რაც ევროპულ საქართველოს ერთ წელზე მეტია პარლამენტში აქვს დარეგისტრირებული," - ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი, დავით ბაქრაძე, მთავრობის ინიციატიავასა და მცირე მეწარმეებისთვის ბრუნვის გადასახადის შემცირებასთან დაკავშირებით.

ევროპულმა საქართველომ 2017 წლის 16 მარტს პარლამენტში შეიტანა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი. ინიციატივის მიხედვით, 2020 წლამდე ეტაპობრივად 10%-მდე უნდა შემცირებულიყო საშემოსავლო გადასახადი, ბენზინსა და დიზელზე განახევრებულიყო აქციზის გადასახადი. 10%-მდე შემცირებულიყო განაწილებული მოგების გადასახადი, ასევე დღეში 270 ლარზე მცირე ბრუნვის მქონე ბიზნესი სრულად გათავისუფლებულიყო გადასახადისგან. ქართულმა ოცნებამ ამ პროგრამას მხარი არ დაუჭირა.

გიორგი კვირიკაშვილმა ახალი საგადასახადო შეღავათები წარადგინა. პროექტის მიხედვით, მცირე ბიზნესის სტატუსი გაიზრდება და ის დღეს არსებული 100,000 ლარიდან 500,000 ლარამდე ბრუნვის საწარმოებზეც გავრცელდება. ამავდროულად, შემცირდება ბრუნვის გადასახადი და ის 1% გახდება.

"მცირე მეწარმეებისთვის 5-ჯერ ვამცირებთ ბრუნვის გადასახადს და 5%-ის ნაცვლად იქნება 1%-იანი ბრუნვის გადასახადი. ამასთან მცირე ბიზნესად დღეს თუ ითვლება 100 000 ლარამდე ბრუნვის მქონე საწარმო, ამ კატეგორიაში 500 000 ლარამდე ბრუნვის საწარმო ჩაითვლება,"- ამბობს კვირიკაშვილი.

 

 

კომენტარები