დეა გოშხეთელიანის საქმე

დეა გოშხეთელიანის მიმართ ერთი შემაკავებელი ორდერი გაუქმდა, კიდევ ორი ჯერაც ძალაშია

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დეა გოშხეთელიანის მიმართ გამოწერილი შემაკავებელი ორდერი გააუქმა. ადვოკატ რევაზ აჭარაძის თქმით, სასამართლომ დაადგინა, რომ ფეისბუქზე გოშხეთელიანის მიერ გამოქვეყნებული პოსტები ფსიქოლოგიურ ძალადობად ვერ ჩაითვლება, პოლიციის მიერ გამოწერილი შემაკავებელი ორდერი კი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა. 

დეა გოშხეთელიანს პოლიციამ შემაკავებელი ორდერი ყოფილი მამამთილის, გოჩა ბაკურაძის მოთხოვნის საფუძველზე გამოუწერა. ბაკურაძის აზრით, ყოფილი რძლის მიერ გამოქვეყნებული სტატუსები მაზე ფსიქოლოგიური ძალადობაა. 

გოშხეთელიანის მიმართ კიდევ ორი ორდერია გამოწერილი - მისი ყოფილი დედამთილის და მულის მოთხოვნით, რომლებიც ასევე თვლიან, რომ ყოფილი რძალი მათზე ფსიქოლოგიურად ძალადობს.ორდერების გაუქმების მოთხოვნით საიამ თბილისის საქალაქო სასამართლოს დღეს მიმართა. 

გოშხეთელიანი ფეისბუქზე ყოფილი ქმრის მხრიდან მასზე ძალადობის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, დაშორებიდან 6 თვის შემდეგ გრიგოლ ბაკურაძემ მას და მამამისს ბაშვის თანდასწრებით სცემა.

მან პატრულში დარეკა, რის შემდეგაც ბაკურაძე დააკავეს. 5 იანვარს კი, პროკურატურის მოთხოვნის მიუხედავად, მოსამართლემ ბრალდებულს პატიმრობის ნაცვლად 3 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ეს გადაწყვეტილება მან სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. 12 იანვარს კი გრიგოლ ბაკურაძეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

ძალადობის მსხვერპლი ასევე ამბობდა, რომ ყოფილი მამამთილი ხშირად საუბრობდა ხელისუფლებაში ნაცნობების შესახებ, მათ შორის, ხაზს უსვამდა შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრებთან მეგობრობას.

კომენტარები