ჩინეთი

რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს სი ძინპინსა და ოლიგარქებს შორის ომს საქართველოზე

Reuters

ჩინეთში დიდი პოლიტიკური ცვლილებებია. კომუნისტური პარტია გეგმავს გააუქმოს პრეზიდენტისთვის დაწესებული ლიმიტები, რაც სი ძინპინს ხელისუფლებაში პრაქტიკულად უვადოდ ყოფნის საშუალებას მისცემს. ძალაუფლების ასეთი კონცენტრაცია ჩინეთში მაო ძედუნის გარდაცვალების შემდეგ არ მომხდარა. 

სი ძინპინის მიერ ძალაუფლების მოკრების ფონზე ძლიერდება რეპრესიული აპარატი და ცენზურა. დღევანდელი ჩინეთი მაო ძედუნის, ანუ ბოლო აბსოლუტური მმართველის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდისგან რადიკალურად განსხვავდება. მთავარი სხვაობა ისაა, რომ მაოს დროს არ არსებობდა უმდიდრესთა კასტა, ახლა კი Forbes-ის მონაცემებით, ჩინეთში 400 მილიარდერი ცხოვრობს.

საერთაშორისო მედიაში სულ უფრო ხშირად იწერება, რომ პეკინი მისდამი დაუმორჩილებელი ოლიგარქებს სჯის. ჩინეთში ახლა დაახლოებით ისთი ომია, როგორიც რუსეთში პუტინის პირვანდელ წლებში ხელისუფლებასა და ოლიგარქებს შორის იყო.

სად არის საქართველო ამ დავაში

1 მარტს ჩინეთის მთავრობამ შანგჰაის ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიისა და მის დამფუძნებლის იე ჟიანმინგის საქმიანობის შესახებ გამოძიება დაიწყო. ჟიანმინგი ენერგოკომპანია CEFC China Energy-ის თავმჯდომარეა, კომპანია აქტივებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ფლობს, მათ შორისაა $9 მილიარდიანი წილი Rosneft-ში, ნავთობკომპანიები გაერთიანებულ საემიროებში, ასევე წილები საქართველოში. CEFC-იმ 2017 წლის ბოლოს ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის 75%-იანი წილი შეიძინა.

კომპანიას საქართველოში დაგეგმილი ჰქონდა ახალი კომერციული ბანკის დაფუძნებაც, რის შესახებაც მემორანდუმი 2017 წლის 14 მაისს გაფორმდა. Georgian Development Bank-ის თავდაპირველი კაპიტალი დაახლოებით $300 მილიონი უნდა ყოფილიყო, რაც შემდგომში $1 მილიარდამდე უნდა გაზრდილიყო. 

CEFC China Energy მზარდი ენერგეტიკული და საფინანსო კორპორაციაა, 2016 წელს მისმა ბრუნვამ $40 მილიარდი შეადგინა. კომპანია მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების სია Global Fortune 500-ის სიაში 224-ე ადგილზე იმყოფება.

2016 წელს CEFC-იმ $680 მილიონად ყაზახური KazMunaGaz-ის ბიზნესის ნაწილი შეიძინა. კომპანიას ასევე ეკუთვნის ნავთობის საბადოები და სხვა ენერგეტიკული აქტივები. კომპანია ფლობს ნავთობის ტერმინალს საუდის არაბეთში, ასევე ფლობს რუმინული Rompetrol-ის წილებს და ჩეხური საფინანსო კომპანია J&T-ს 50%-იან წილს.

ჩინეთში გაზრდილი დაძაბულობის ფონზე უცნობია რა ბედი ელის კომპანიის საერთაშორისო ინვესტიციებს, მათ შორის ქართულ აქტივებსაც. 

Reuters-ის ინფორმაციით, მთავრობა ჟიანმინგს ეკონომიკური დანაშაულისა და შესაძლო კორუფციისთვის ედავება. 

იე ჟიანმინგი



ფოტო: CEFC

ჩინეთის მთავრობამ რამდენიმე დღის წინ დააყადაღა ერთ-ერთი მსხვილი სადაზაღვევო კომპანია Anbang Insurance. ამ კომპანიის საქმიანობაშიც სამართალდამცავები კორუფციის შესაძლო ნიშნებს ხედავენ. სავარაუდოდ, მათ ამის დამტკიცება არ გაუჭირდებათ, რადგანაც ჩინეთში კორუფციის გარეშე მილიარდების შოვნა უბრალოდ შეუძლებელია.

მთავრობა რეპრესიებს მხოლოდ იმ ოლიგარქების მიმართ ატარებს, რომლებიც კომუნისტური რეჟიმის შეფასებით, ხელისუფლებისთვის პოტენციურ რისკს წარმოადგენენ.

კომენტარები