ავიაკომპანია "Qatar Airways" თბილისის მიმართულებით დღეში სამჯერ იფრენს. კატარის სახელმწიფოს ავიაკომპანია "Qatar Airways", ზაფხულის სეზონის განმავლობაში ფრენებს გაზრდილი სიხშირითა და შეცვლილი განრიგით შეასრულებს.
კერძოდ, 1 ივნისიდან ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, დოჰა-თბილისი-დოჰას ხაზზე რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას ავიაკომპანია კვირაში 21 სიხშირით, დღეში სამჯერ შეასრულებს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 1 ივლისიდან აღნიშნული ფრენები განხორციელდება უშუალოდ დოჰასა და თბილისს შორის ბაქოში შუალედური დაფრენის გარეშე.
"Qatar Airways" საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2012 წელს შემოვიდა. ხუთ ვარსკვლავიანმა ავიაკომპანიამ დოჰა-თბილისი-დოჰას საჰაერო ხაზზე ოპერირება კვირაში 7 სიხშირით დაიწყო. 2016 წელს, კომპანიამ 4 ახალი სიხშირე დაამატა. გასულ 2017 წელს კი, თბილისის მიმართულებით დღეში ორჯერ ოპერირებაზე გადავიდა.
Qatar Airways-ი 2017 წელს საქართველოდან 119,727 მგზავრს მოემსახურა. კომპანიას საქართველოს ავიაბაზრის 3% უჭირავს.
საქართველოში მოქმედი ავიაკომპანიების რეიტინგი 2017 წელს გადაყვანილი მგზავრების მიხედვით ასე გამოიყურება:
- Turkish Airlines - 463,840 მგზავრი, ბაზრის წილი 12%
- აირზენა - 385,894 მგზავრი, ბაზრის წილი 10%
- Wizzair - 313,325 მგზავრი, ბაზრის წილი 8%
- უკრაინის ავიახაზები - 282,616 მგზავრი, ბაზრის წილი 7%
- Fly Dubai - 244,208 მგზავრი, ბაზრის წილი 6%
- აეროფლოტი - 198,754 მგზავრი, ბაზრის წილი 5%
- ციმბირის ავიახაზები - 174,381 მგზავრი, ბაზრის წილი 4%
- ურალის ავიახაზები - 155,217 მგზავრი, ბაზრის წილი 4%
- კატარის ავიახაზები - 119,727 მგზავრი, ბაზრის წილი 3%
- EL AL - 117,129 მგზავრი, ბაზრის წილი 3%