რუსი დიპლომატების გაძევება

სააკაშვილი: რუსი ჯაშუშები რომ დავაკავეთ, ჭორაობდნენ, დასავლეთს კონფლიქტში ითრევსო

Unian

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების მხრიდან რუსი დიპლომატების გაძევების საკითხს Facebook-ის საშუალებით გამოეხმაურა. 

სააკაშვილის შეფასებით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა, და ევროპული ქვეყნების გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია. მისი თქმით, დასავლეთი იღვიძებს. 

"2006 წელს, მას შემდეგ, რაც ჩვენ რუსი ГРУ-ის წარმომადგენლების მონაწილეობა დავამტკიცეთ ქალაქ გორში მომხდარ ტერორისტულ აქტში, სადაც ადგილობრივ პოლიციაში აფეთქების შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა, ჩვენ 7 რუსი ოფიცერი დავაკავეთ, რომელსაც ამ ტრაგედიასთან და სხვა დანაშაულებთან დაკავშირებით პირდაპირი კავშირი ჰქონდათ. მაშინ ბევრმა დასავლელმა დიპლომატმა დამადანაშაულა მეტისმეტ აგრესიულობასა და უფრო მეტიც, გაუწონასწორებლობაში. ჩვენ ძალიან დიდი წნეხის ქვეშ მოვექეცით, ეუთო-ს მაშინდელი თავმჯდომარე, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი დე გიუხტი ჟურნალისტებთან ჭორაობდა, თუ როგორ ვაჭარბებ მუქარას და დასავლეთს ვრთავდი იმ კონფლიქტში, რომელიც მას საერთოდ არ სჭირდებოდა. ამის პასუხად, პუტინი რუსეთში მცხოვრებ ქართველებს მასიურად იტაცებდა და საქართველოში სატვირთო თვითმფრინავებით აბრუნებდა, იმ პერიოდში, როცა დასავლეთი ამას ზედაპირულად აკვირდებოდა,"- წერს სააკაშვილი. 

ექსპრეზიდენტის თქმით, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმის გაგება, რომ ტრამპის ბრძანებით სიეტლში საკონსულო დახურეს, რათა რუსები საომარ ობიექტებთან ახლოს არ ყოფილიყვნენ და ამ საკითხზე საქართველოს გამოცდილებასთან ავლებს პარალელს:

"რუსმა ჯაშუშებმა ჩვენი მოთმინების ფიალა მაშინ აავსეს, როცა მათ უსინდისოდ და ღიად დაიწყეს ჩვენს მეომრებსა და საქართველოს საომარ აღჭურვილობაზე ინფორმაციის შეგროვება. ახლა ყველაფერი იცვლება და, მადლობა ღმერთს, რომ ახლა მაინც ხვდებიან, ვისთან აქვთ საქმე".

სააკაშვილი ასევე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილებას, რომელმაც დიდი ბრიტანეთისადმი სოლიდარობის ნიშნად, ქვეყნიდან 13 რუსი დიპლომატი გააძევა. ოდესის ოლქის ექსგუბერნატორის შეფასებით, უკრაინის პრეზიდენტმა ეს ჟესტი სარგებლის მიღების მიზნით ჩაიდინა და ის არაგულწრფელია. 

"4-წლიანი ომისა და 10 000 უკრაინელის მკვლელობის შემდეგ, მისი ეს ჟესტი სარგებლის მიღების მიზნითაა ჩადენილი და უკრაინელი ხალხის ღირსებას აკნინებს. საქართველოში ეს საკითხი მარტივად გადავწყვიტეთ. პუტინის თავდასხმიდან მალევე, საერთოდ დავკეტეთ რუსეთის საელჩო და მათთან დიპლომატიური ურთიერთობა გავწყვიტეთ,"- წერს სააკაშვილი. 

დიდ ბრიტანეთში ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის რუსული ქიმიური იარაღით მოწამვლის საპასუხოდ რუს დიპლომატებს 21 ქვეყნიდან გააძევებენ. თავდაპირველად ეს გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაახმოვანა - მან თქვა, რომ ქვეყანას 60 რუსი დიპლომატი დატოვებს. ამის შემდეგ მსგავსი განცხადებები ევროპაშიც გაკეთდა. 

საფრანგეთი 4 დიპლომატს გააძვევებს; გერმანია - 4; პოლონეთი - 4; ჩეხეთი - 3; ლიტვა - 3; დანია - 2; ნიდერლანდები - 2; იტალია - 2; ესპანეთი - 2; ესტონეთი - 1; ხორვატია - 1; ფინეთი - 1; უნგრეთი - 1; ლატვია - 1; რუმინეთი - 1; შვედეთი - 1. 

ლატვიამ ასევე გადაწყვიტა რუსეთის იმ მოქალაქეთა სია გააფართოოს, რომლებსაც ქვეყანაში შესვლა აეკრძალება.

ნორვეგიას დატოვებს 1 რუსი დიპლომატი, ალბანეთს - 2, უკრაინას - 13, კანადას კი - 4. 

შეგახსენებთ, რომ დიდმა ბრიტანეთმა სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლაში რუსეთი დაადანაშაულა და ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა.

კომენტარები