დროებითი საგამოძიებო კომისია

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, დღეს ორი მოზარდი გამოკითხა

მეორე არხი

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საპარლამენტო, დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ორი მოზარდი გამოკითხა. არასრულწლოვნებთან გასაუბრება ისევ ფსიქოლოგების თანდასწრებით მოხდა. მათგან მიღებული ინფორმაცია კი კომისიის დასკვნაში აისახება.

მოზარდები, რომლებიც დღეს გამოკითხეს, ინციდენტის თვითმხილველები არიან.

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, ოთო კახიძის თქმით, საგამოძიებო კომისია ცდილობს, თვითმხილველი არასრულწლოვანი მოწმეებისგან დამატებითი ინფორმაცია მიიღოს. 

"ჩვენ ვცდილობთ რომ არასრულწლოვნებისგან დამატებითი ინფორმაცია მივიღოთ. რთულია ეს, ვინაიდან ძალიან დიდი ხანია გასული შემთხვევიდან, მაგრამ საგამოძიებო კომისია აკეთებს მაქსიმუმს, რომ მიიღოს შედეგი და ცნობილი გახდეს ჩვენთვის ახალი დეტალები",- ამბობს კახიძე. 

კომისიის წევრები ამბობენ, რომ სასამართლოსა და გამოძიებისთვის მიცემული თვითმხილველების ჩვენებები უმეტეს შემთხვევაში ემთხვევა ერთმანეთს. 

პარლამენტის, დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა ხვალ, 10:00 საათზე განახლდება. 

დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მუშაობს, პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. კომისიის შექმნის დადგენილებას მხარი 95-მა დეპუტატმა დაუჭირა, ერთმა წევრმა კი ხმა კომისიის წინააღმდეგ მისცა.

კომენტარები