ხორავას ქუჩის საქმე

ხორავას ქუჩის საქმე - რა კითხვები რჩებათ არასამთავრობო ორგანიზაციებს

არასამთავრობო ორგანიზაციები

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა და მისი საქმიანობა მნიშვნელოვანია. NGO-ები აღნიშნავენ, რომ კომისიის სხდომებზე გამოკითხვებმა კიდევ ერთხელ ნათლად დაადასტურა საზოგადოებაში არსებული კითხვების ლეგიტიმურობა. არასამთავრობოების განცხადებით, საზოგადოებაში რჩება განცდა, რომ გამოძიების პროცესის გამრუდებაზე პასუხისმგებელი პირების გამოვლენა და პასუხისგებაში მიცემა არ მომხდარა.

"ხორავას ქუჩის საქმე აღმოჩნდა ის ეპიზოდი, რომელმაც სისტემური და კომპლექსური პრობლემები განსაკუთრებული მასშტაბებით გამოავლინა და მძლავრი საზოგადოებრივი პროტესტის საფუძველი გახდა. ამ დრომდე, საგამოძიებო ორგანოების მხრიდან გადადგმული გარკვეული ნაბიჯების მიუხედავად, საზოგადოებაში რჩება განცდა, რომ გამოძიების პროცესის გამრუდებაზე პასუხისმგებელი პირების გამოვლენა და პასუხისგებაში მიცემა არ მომხდარა. ამ საქმესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია სახალხო დამცველის მიერ გაწეული ძალისხმევა. სახალხო დამცველმა საქმის დეტალური შესწავლის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაშიგამოძიების მწარმოებელ პირთა ქმედებების, დიდი ალბათობით დანაშაულებრივ ხასიათზე მიუთითა" - აცხადებენ არასამთავრობოები, თუმცა, იქვე მიუთითებენ, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, საქმესთან დაკავშირებით კვლავ რჩება კითხვები, რომლებზეც საგამოძიებო ორგანოებმა ამომწურავი პასუხი უნდა გასცენ. 

რა კითხვები აქვთ NGO-ებს

  • რატომ არ ჩაატარეს საგამოძიებო ორგანოებმა მთელი რიგი აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებები მ.კ.-ს მიმართ? მათ შორის: ა) მაშინ, როდესაც მოწმეთა ჩვენება ადასტურებდა, რომ ჩხუბის შემდეგ მ.კ.-ს ტანსაცმელზე წითელი, სისხლისმაგვარი ლაქები აღენიშნებოდა. საქმეში არსებული ვიდეოჩანაწერით და მ.კ-ს , ძმის, ლუკა კალანდიას ჩვენებით კი, დასტურდებოდა, რომ ამ უკანასკნელმა წითლად დალაქავებული ტანსაცმელი მათი კორპუსის მახლობლად, წყლის ჭაში ჩაყარა, რატომ არ გაიჩხრიკა მ.კ.-ს საცხოვრებელი ბინა? ბ) რატომ არ სცადა გამოძიებამ იმ ტანსაცმლის მოპოვება, რომელიც მ.კ-ს შემთხვევის დროს ეცვა?
  • მაშინ, როდესაც გარდაცვლილ დავით სარალიძის სხეულზე მიყენებულ 12 ჭრილობასთან დაკავშირებით დაცვის მხარის მიერ ჩატარებულმა ექსპერტიზამ გააჩინა ეჭვი, რომ ისინი სხვადასხვა იარაღით იყო მიყენებული, რატომ არ წარიმართა ინტენსიური გამოძიება მკვლელობის სხვა ამსრულებელთა ან თანამონაწილეთა სავარაუდო ბრალეულობის გამოსაკვეთად?
  • რატომ დაიკითხა საპირფარეშოში მომხდარი პირველი კონფლიქტის მთავარი ფიგურანტი, დ.ღ., მკვლელობის დღიდან მხოლოდ მე-13 დღეს და არა გამოძიების პირველივე დღეებში? საეჭვოა ისიც, რომ დაგვიანებით დაიკითხა ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე თ.ნ-ც.
  • რატომ არ გამოუკითხავს შსს-ს და შემდგომ პროკურატურას მოზარდებს შორის დაპირისპირების მთავარი სუბიექტის, ა.ს.-ს მშობლები, მამა, მირზა სუბელიანი და დედა, თ.კ.? გამოძიებას, არც ა.ს.-ს დეიდა, მ.კ.-ს დედა, ლ.კ. გამოუკითხავს.
  • გამოძიებას პირველივე ეტაპზე ხელთ ჰქონდა დანაშაულის დღეს მირზა სუბელიანის და თ.კ-ს, კალანდიების ოჯახში მისვლის და სახლის დატოვების კადრები, რომლითაც დასტურდება მ.კ.-ს და გ.ჯ.-ს გადამალვისთვის ავტომობილთა მოძრაობა, რის შემდეგაც მირზა სუბელიანი და მ.კ.-ს მამა, თენგიზ კალანდია ერთად ტოვებენ კალანდიების ბინას. ამასთან, რატომ არ დაინტერესდა გამოძიება მირზა სუბელიანის სავარაუდო დანაშაულის შემცველი ქმედებებით, მაშინ, როდესაც თენგიზ კალანდიას სუბელიანის ქმედებების მსგავს ქმედებებზე, ბრალი მალევე, დანაშაულის დაფარვისთვის წარუდგინეს, ხოლო ეს უკანასკნელი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში დანაშაულიდან 6 თვის შემდეგ მისცეს.
  • რატომ ვერ მოახერხა გამოძიებამ ფარდულის ზუსტი ზომების დოკუმენტირება? იყვნენ თუ არა გამოძიების მწარმოებელი პირები ფარდულის დემონტაჟის შესახებ ინფორმირებულნი, ვინ და რატომ გასცა თანხმობა მის დემონტაჟზე?
  • რატომ არ გამოუკითხავს გამოძიებას ყველა მოწმე, რომელიც შეესწრო, დაინახა, ან რაიმე სახის ინფორმაცია ჰქონდა დანაშაულთან დაკავშირებით? რატომ არ ამოიღო გამოძიებამ ყველა ვიდეოჩანაწერი, სადაც შესაძლოა აღბეჭდილი ყოფილიყო მკვლელობის შემდგომ მოზარდთა გადაადგილების მარშრუტი?
  • რატომ არ შეისწავლა გამოძიებამ დაპირისპირებაში მონაწილე პირების ტელეფონები და სოციალური ქსელები, რომლის საშუალებითაც დიდი ალბათობით დაიგეგმა მათი შეკრება? გამომძიებლის განმარტებით, ტელეფონები შემდეგში ფარული საგამოძიებო ღონისძიების ჩატარების მიზნით არ ამოიღეს, თუმცა საგამოძიებო ორგანოებს დაპირისპირებაში მონაწილე პირთა მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედებები არ უწარმოებიათ.
  • რატომ არ დაიწყო გამოძიება ხორავას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების ერთ-ერთი მონაწილის გ.მ.-ს ზურგში დაჭრის ფაქტზე და რატომ არ არის გამოვლენილი პირი, რომელმაც გ.მ. დაჭრა, მაშინ, როდესაც გამოძიებამ 2 დეკემბერს უკვე იცოდა გ.მ.-ს ზურგში დაჭრის ფაქტის შესახებ? თავად გ.მ. ადასტურებდა, რომ მას ჭრილობა მწვანე ქურთუკიანმა პირმა მიაყენა, რასაც ასევე ადასტურებდნენ მოწმეებიც. აღსანიშნავია, რომ გამოძიებამ ასევე იცოდა, რომ ჩხუბის მონაწილეთა შორის მწვანე ქურთუკი არასრულწლოვან დ.ღ.-ს ეცვა.
  • რატომ არ დასვა გამოძიებამ ყველა საჭირო კითხვა ექსპერტის წინაშე, მაგალითად, იმ საგნების რაოდენობის შესახებ, რომლითაც დავით სარალიძეს სავარაუდოდ მიაყენეს ჭრილობები?
  • მიმდინარეობს თუ არა საგამოძიებო მოქმედებები იმ მოხელეთა გამოსავლენად და პასუხისგებაში მისაცემად, რომელთა უმოქმედობამ ან მიზანმიმართულმა მოქმედებამ გამოიწვია გამოძიების ხარვეზებით წარმართვა და გაართულა საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულება? 

არასამთავრობო ორგანიზაციებს ​​​კითხვები ექსპერტიზის მწარმოებელი ორგანოს და პირების მიმართაც აქვთ:

  1. რატომ ვერ უზრუნველყო ექსპერტმა კვლევის ობიექტის დაზიანებისგან დაცვა?
  2. რატომ არ გაითვალისწინა ექსპერტმა ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულების, კერძოდ, დავით სარალიძის მკვლელობის იარაღის, დანის, დაზიანების შესაძლებლობა და რატომ არ ჩატარდა ექსპერტიზა ისეთ გარემოში, სადაც მტკიცებულება არ დაზიანდებოდა?
  3. იყო თუ არა შესაძლებელი მტკიცებულების დაზიანების თავიდან აცილება?

არასამთავრობოებს მიაჩნიათ, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ზემოთ დასმულ ყველა შეკითხვას აუცილებლად უნდა გასცენ ამომწურავი პასუხი.

"ამავე დროს, სამართალდამცავ ორგანოებს მოვუწოდებთ საკუთარი ძალისხმევა მიმართონ იმ პირთა გამოსავლენად და პასუხისგებაში მისაცემად, რომლებმაც განზრახ, თუ გაუფრთხილებლობით, გულგრილად, მტკიცებულების არმოპოვებით ან/და მათი გადამალვით, საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულებას შეუშალეს ხელი.

სხვა შემთხვევაში, ამ კითხვებზე პასუხების არარსებობა გვაფიქრებინებს, რომ მძლავრი საზოგადოებრივი პროტესტისა და სამართლიანი მოთხოვნების მიუხედავად, სისტემის შიგნით არ არსებობს მყარი პოლიტიკური ნება, სათანადო ნაბიჯები გადაიდგას საქმეზე სიმართლის დადგენის და იმ პირების გამოკვეთისთვის, რომლებმაც სავარაუდოდ გავლენა მოახდინეს გამოძიების პროცესის გამრუდებაზე" - ნათქვამია განცხადებაში, რომლის ხელმომწერებიც არიან საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო (TI), ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC), დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD), საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA), მედიის განვითარების ფონდი (MDF), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის (RIVG) და კონსტიტუციის 42-ე მუხლი.

-------------------------

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებმა 2017 წლის 1 დეკემბერს იჩხუბეს. შედეგად, დანით მოკლეს 51-ე სკოლის ორი მოსწავლე - დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი. მკვლელობის ბრალდებით, პირველი ექსპერიმენტული სკოლის ერთი მოსწავლე გ.ბ შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს, მეორე გ.ჯ - სამართალდამცავებს 4 დეკემბერს ჩაბარდა. მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. გარდა ამისა, დანაშაულის დაფარვისთვის ბრალი წარუდგინეს ხუთ პირს. მათგან პატიმრობა სამ ადამიანს შეუფარდეს. დაკავებულთაგან ერთერთი - შსს-ს თანამშრომელი თენგიზ კალანდია იყო.

31 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებული გ.ბ დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გაამართლა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ნაწილში გაამტყუნა, ხოლო მეორე ბრალდებულს გ.ჯ-ს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ. ამის შემდეგ, თბილისში მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები დაიწყო, რომლის ორგანიზატორიც დაღუპული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე იყო. მისი თქმით, დავით სარალიძის მკვლელები დასჯილები არ არიან. ის დანაშაულის დაფარვაში ბრალს თენგიზ კალანდიას და პროკურატურის ყოფილ თანამშრომელს მირზა სუბელიანს სდებდა.

აქციების შემდეგ, გადადგა მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, ხოლო საქმე პროკურატურისგან კლავ შსს-მ გადაიბარა. დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს მირზა სუბელიანი, ხოლო მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით - მერაბ მორჩაძე. ამ უკანასკნელს გამოძიება მიხეილ კალანდიაზე ზეწოლას ედავება. შსს-ს მტკიცებით, მან მოსთხოვა კალანდიას, რომ გ.ჯ-ს წინააღმდეგ ჩვენება შეეცვალა. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ მიხეილ კალანდიას ბრალი წარუდგინეს დანაშაულის დაფარვისთვის, ხოლო რამდენიმე დღის წინ, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით არასრულწლოვანი დ.ღ დააკავეს.

საგამოძიებო კომისია

2018 წლის 6 ივნისს, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა, რომლის უმრავლესობაშიც საპარლამენტო უმცირესობაა. კომისიამ უკვე გამოკითხა დაღუპული მოზარდების მშობლები, შსს-ს და პროკურატურის წარმომადგენლები, ექსპერტები, არასრულწლოვნები, ამ ეტაპზე გარკვეულია, რომ ხორავას ქუჩაზე კიდევ ერთი პირი - გ.მ დაიჭრა. როგორც 25 ივნისის სხდომაზე ევროპული საქართველოს დეპუტატმა ირაკლი აბესაძემ თქვა, დაპირისპირების ერთერთი მონაწილე მიხეილ კალანდია ჩვენებაში ამბობს, რომ მესამე პირი დ.ღ.-მ დაჭრა. აბესაძის ინფორმაციითვე, დ.ღ.-ზე საუბრობს მსჯავრდებული გ.ბ.-ც, თუმცა არ ასახელებს მის ვინაობას და აღწერს ვიზუალურად. მსჯავრდებული ამბობს, რომ მესამე დაჭრილს სწორედ მან მოუქნია დანა. საქმის მასალების მიხედვით, თავად დაჭრილი არ ამბობს ვინ დაარტყა დანა.

კომისიის ღია სხდომებზე ასევე გაირკვა, რომ მიხეილ კალანდიას, რომელიც მისივე ჩვენებით, დაჭრილ სარალიძეს ურტყამდა, გამოძიება თანამონაწილედ არ მიიჩნევს. გარდა ამისა, თვითმხილველთა ნაწილი არ დაკითხეს და ქუჩის ვიდეოჩანაწერები დროულად არ ამოიღეს. ასევე, ადგილი, სადაც არასრულწლოვნებმა მკვლელობის შემდეგ თავი მოიწესრიგეს, ოფიციალურად არ დაუთვალიერებიათ.

დადგინდა, რომ შსს-ს და პროკურატურას განსხვავებული ვერსიები აქვთ იმასთან დაკავშირებით, ჩხუბის დაწყებამდე, მკვლელობის ადგილიდან რამდენ მეტრში იდგა მიხეილ კალანდია.

ამის გარდა, კომისიის ოპოზიციონერმა წევრებმა გამოთქვეს ეჭვი, რომ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ გ.ბ-სთვის პროკურატურა დავით სარალიძის მკვლელობის "მიწებებასაც" ცდილობდა. ეჭვის საფუძვლად ის ფაქტები დასახელდა, რომ ფარულ სატელეფონო ჩანაწერში გ.ბ აღწერს და ადასტურებს ლევან დადუნაშვილის მკვლელობას, ხოლო დავით სარალიძეზე ამბობს, რომ ფიზიკური კონტაქტი არ ჰქონია. გარდა ამისა, გ.ბ-ს დანაზე არ აღმოჩნდა სარალიძის დნმ და მასზე მხოლოდ დადუნაშვილის ბიოლოგიური მასალაა. ერთადერთი მოწმე, ვინც გ.ბ-ს სარალიძის მიმართ ფიზიკურ კონტაქტზე მიუთითებს, მიხეილ კალანდიაა, რომელმაც ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა.

მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ევროპულმა საქართველომ კომისიაზე წინასწარი რეკომენდაციები უკვე დააყენა - კერძოდ, მოითხოვა მიხეილ კალანდიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის, ხოლო მესამე დაჭრილის საქმეზე გამოძიების დაწყება. ამ ეტაპზე, ქართული ოცნების დეპუტატები ამ რეკომენდაციებს არ ეთანხმებიან.

კომენტარები