საპატრიარქოს მიერ თავისუფლების მოედანზე გამართული საპროტესტო პარაკლისის შემდგომ შეკრებილმა სასულიერო პირებმა მოსახლეობას 16 სექტემბერს, სამების საკათედრო ტაძრისკენ დაგეგმილ მსვლელობაში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდეს. საპროტესტო პარაკლისზე მღვდელმსახურებმა მთავრობას კანაფის კულტივირების შესახებ კანონპროექტზე უარის თქმისკენ და კონსტიტუციის შეცვლისკენ მოუწოდეს.
"სათხოვარი აქვს მის უწმინდესობას, რომ ხვალ, სამრევლოები, ჩვენ ყველანი, უწმინდესთან შევიკრიბოთ სამების საკათედრო ტაძარში. სამღვდელოება, რომელიც თავის ტაძარში წირვა-ლოცვას აღასრულებს, შემდეგ მსვლელობით ყველანი სამების საკათედრო ტაძარში ავიდეთ," განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.
საპატრიარქოს მოთხოვნები:
"საკონსტიტუციო სასამართლომ მიღებული გადაწყვეტილებით პიროვნების თავისუფლების განვითარების უფლებაში ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა მოხმარებაში შეიყვანა. ეს ნაჩქარევი და საფრთხეების შემცველი გადაწვეტილებაა. შექმნილი პრეცედენტი საშიშროებას ქნის, რომ მომავალში სასამართლომ სხვა სახის ნარკოტიკებით ან ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანო რაიმე ქმედებებით, იგივე ლოგიკით დააკანონოს. გაუგებარია რატომ მოხდა მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონპროექტის გასაიდუმლოებულად შემუშავება,საჯარო განხილვების გარეშე. როდესაც ამ კანონპროექტის არსებობის შესახებ ცნობილი გახდა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები აცხადებდნენ, რომ ეს გადაწყვეტილება აუცილებლად იქნება მიღებული. ანუ უკვე ჩვენი მოსახლწობის ნების გარეშე ვიღაცებმა გადაწყვიტეს, რომ ეს ასე იქნება. მიუხედავად იმისა, მოსახლეობას ამის მიმართ რა დამოკიდებულება აქვს, ხელისუფლება გვეუბნება, რომ ამას უჭველად გადავწყვეტთ. ამიტომ მოვუწოდებთ ყველა იმ ადამიანს, რომ ეს კანონი ასე არ იყოს მიღებული,"- ამბობს მამა შალვა კეკელია.
სასულიერო პირებმა დღეს საღამოს ილია მეორესთან გამართულ შეხვედრაზე მარიხუანასთან დაკავშირებული კანონპროექტი განიხილეს. შეხვედრის დასრულების შემდგომ მათ თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლეს.
საპროტესტო პარაკლისის ფოტოები:
ცვლილებათან დაკავშირებით პატრიარქის თანამოსაყდრემ, ასევე მეუფეებმა იაკობმა, იობმა და ანტონმა განაცხადეს, რომ ისინი აღშფოთებული არიან და რომ მსგავსი ნაბიჯებით სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებს ებრძვის.
დღესვე ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დაგეგმილ ცვლილებთან დაკავშირებით თქვა, რომ მარიხუანას ექსპორტის ზნეობრივ საკითხებთან მიბმა უზნეობაა. "ამ საკითხის [მარიხუანას ექსპორტის] მიბმა მორალთან და ზნეობასთან, მე პირადად უზნეობად მიმაჩნია,"- ამბობს მინისტრი.