საქართველოს საპატრიარქო

ჯაფარიძე ეკლესიის დაფინანსების ზრდაზე: მთავრობა საპატრიარქოსგან ხმებს ყიდულობს

ფოტო: ფორმულა

გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროგრამებისთვის დაფინანსების 5 მლნ-ით გაზრდას გამოეხმაურა. ის ამბობს, რომ მთავრობა წინასაარჩევნოდ საპატრიარქოსგან ხმებს ყიდულობს, საპატრიარქო კი თავის რეიტინგს მატერიალურ სიკეთეებზე "ახურდავებს".

"ვინმეს სჯერა, რომ საპატრიარქოს მართლა იმიტომ გაუზარდეს დაფინანსება, რომ ინფლაციაა? აქეთ მთავრობა ამბობს, ინფლაციის საუკეთესო მაჩვენებელი გვაქვს და ის მაღალი არ არისო, იქით კი საპატრიარქო იძახის, ფასებია მომატებული და დაფინანსებას ამიტომ გვიმატებენო. ყოველ საარჩევნო წელს ერთი და იგივე ხდება. ყოველ საარჩევნო წელს, ჩემი შეფასებით, დე ფაქტო ხელისუფლება, რადგან უზურპატორები არიან - საპატრიარქოსგან ხმებს ყიდულობს. ყიდულობს იმას, რომ მეუფეებმა და მამაოებმა იქადაგონ და ამ ქადაგებებში ქართულ ოცნებას მხარი დაუჭირონ. ამაში ხან ფულს იხდიან, ხან მიწის ნაკვეთებს აძლევენ, ხან ტყეებს, ხან რას და ხან რას. 

რაზეც ახლაა საუბარი, რომ საპატრიარქოს დაფინანსება 60 მილიონამდე გაიზარდა, ეს მარტო ცენტრალური ბიუჯეტიდანაა. ხშირ შემთხვევაში, კიდევ ერთ მაგდენს ადგილობრივი ბიუჯეტებიდან ეპარქიებს აძლევენ. საბოლოო ჯამში, ძალიან დიდ თანხებზეა საუბარი. სინამდვილეში, საპატრიარქო ჩვეულებრივი პოლიტიკური ინსტიტუტია, რომლის ხელმძღვანელსაც ამ ქვეყანაში ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს. საპატრიარქო ამ საკუთარ პოლიტიკურ რეიტინგს კონკრეტულ მატერიალურ სიკეთეებზე ახურდავებს - ხან ფულზე, ხან მიწაზე, ხან ტყეებზე, ხან ჯიპებზე. ამის სანაცვლოდ კი ისინი ქადაგებენ, რომ სხვა პარტიები დასავლეთის აგენტები არიან, ჩვენი გარყვნათ უნდათ და მხარი არსებულ სახელისუფლებო ძალას დაუჭირეთო. სინამდვილეში, ეს ხდება". - თქვა ჯაფარიძემ ფორმულას ეთერში.

დაფინანსების გაზრდას ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი ფორმულასთან სატელეფონო საუბარში გამოეხმაურა და თქვა, რომ ამ თანხის საჭიროება არის, რადგან "ყველაფერი გაძვირდა და ყველაფერს ათმაგი ფასი აქვს". 

მთავრობის განკარგულებით, ბიუჯეტიდან საქართველოს საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროექტებისათვის გამოყოფილი დაფინანსება 30 მილიონიდან 35 მილიონ ლარამდე იზრდება - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ისაუბრა

კობახიძისვე დაზუსტებით, გარდა აღნიშნული 35 მილიონი ლარისა, რომელიც კონკრეტულად საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და პროგრამებს შეეხება, საქართველოს ბიუჯეტიდან საპატრიარქოსთვის დამატებით 25 მილიონი ლარიც არის გამოყოფილი.

კომენტარები